ირაკლი კობახიძე - კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის კოორდინაცია, რომელიც ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული
ირაკლი კობახიძე - კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის კოორდინაცია, რომელიც ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა დადასტურდება, გაიმართება კენჭისყრა პარლამენტში.

როგორც კობახიძე ამბობს, კენჭისყრაზე გამოჩნდება კოორდინაცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის არსებობს.

„პირველ რიგში, შევა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოს დასჭირდება მსჯელობა, დასკვნის დადება. მიუხედავად იმისა, რომ საქმე არის ცხადი, მკაფიო, შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თვითონ კენჭისყრას, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია, რომელიც არსებობს სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის და ეს კოორდინაცია რომ მიმართულია ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა და საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში. „ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.