ირაკლი კობახიძე - ჩვენი დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე არის ძალიან მკაფიო, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ეს არის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია
ირაკლი კობახიძე - ჩვენი დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე არის ძალიან მკაფიო, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ეს არის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრაზე არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები.

კობახიძის თქმით, ასევე მსჯელობის საგანი იყო რეგიონში მიმდინარე პროცესები. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, ყველა დაინტერესებულია, როგორ წარიმართება მოვლენები უკრაინის გარშემო.

„შეხვედრაზე ძალიან მეგობრული საუბარი იყო სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. რა თქმა უნდა, ამ თემებზე დეტალურად იყო საუბარი. ასევე მსჯელობის საგანი იყო რეგიონში მიმდინარე პროცესები. ყველას გვაინტერესებს, როგორ წარიმართება მოვლენები პირველ რიგში, უკრაინის გარშემო და მოსაზრებები გავცვალეთ. ასევე შევეხეთ შიდა მიმდინარე პროცესებს, პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის საკითხებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკითხზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია აქვს. კობახიძე იმედოვნებს, რომ მოვლენები დადებითი სცენარით განვითარდება, რაშიც დასავლელმა პარტნიორებმა საკვანძო როლი უნდა შეასრულონ.

„ჩვენი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე არის ძალიან მკაფიო. პარლამენტი თავის პოზიციას დააფიქსირებს. ჩვენს პოზიციას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია. რაც შეეხება გამოხატვის ფორმებს, ამაზე შევჯერდებით. რა თქმა უნდა, კონსულტაციები გვექნება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. იმედი მაქვს, მოვლენები დადებითი სცენარით განვითარდება და ამაში დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ საკვანძო როლი. არის პერსპექტივა, დანარჩენი დამოკიდებულია პირველ რიგში, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, აგრესია არის რისკების შემცველი და არ შეიძლება, მას უფრო ფართო გავლენა ჰქონდეს რეგიონზე. აქედან გამომდინარე, იმედია, პროცესები სწორი მიმართულებით წარიმართება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.