ირაკლი კობახიძე - კანაფის კულტივაციის საკითხზე ცუდი არაფერი ყოფილა ჩაფიქრებული
ირაკლი კობახიძე - კანაფის კულტივაციის საკითხზე ცუდი არაფერი ყოფილა ჩაფიქრებული

კანაფის კულტივაციის საკითხზე ცუდი არაფერი ყოფილა ჩაფიქრებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, კანაფის კულტივაციის საკითხი დღეს შეჩერებულია, ქვეყანა საარჩევნო რეჟიმშია და შესაბამისად, ამისთვის არავის სცალია.

„არ ვიცით, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. მოვუსმენთ საზოგადოებას, მოვუსმენთ ეკლესიას. თქვენ არ მოგწონთ შედარებები, მაგრამ ესეც არის კიდევ ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის, საზიზღარ „ნაციონალებს“ შორის. პრინციპული განსხვავებაა ეკლესიასთან დამოკიდებულებაც – გახსოვთ, წინა ხელისუფლების დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. რაც შეეხება ამ საქმეს, ჩვენთვის მთავარი არის, როდესაც კონკრეტული ინიციატივით გამოდის სახელისუფლებო გუნდი, ის არის პასუხისმგებელი საზოგადოებისთვის იმის თქმაზე, მას ჰქონდა ცუდი რამე ჩაფიქრებული თუ – კარგი. შესაბამისად, აქ მთვარია, საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ ცუდი არაფერი არ იყო ჩაფიქრებული.

ძალიან მოკლედ შევეხები არგუმენტებს. არის საუბარი, ნარკოტიკების წარმოება-გასაღებას ითვალისწინებს თუ არა ეს კანონპროექტი. პასუხი არის – არა. მეორე, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ მოხდეს გადინება არალეგალური გზით გარეთ, ამასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი ქვეყნის გამოცდილება – ისრაელის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, აშშ-ის. ამ ქვეყნების გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ ამ ტერიტორიის დაცვა უმარტივესად ხდება. რაც შეეხება, იმიჯი ხომ არ დაზარალდება ჩვენი ქვეყნის, აქაც არის ნათელი პასუხი – არის ისრაელი, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, აშშ და კიდევ სხვა ქვეყნები, სადაც ხდება კანაფის კულტივაცია-წარმოება არა ნარკოტიკების წარმოების გზით და იქ უარყოფითად არ აისახება ქვეყნების იმიჯზე. ჩვენი თხოვნა იყო პატრიარქის მიმართ, რომ გვსურს საუბარი ზუსტად ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, ძალიან თბილი და პოზიტიური. მთავარი არის, ერთიანად შევჯერდეთ იმაზე, რომ ინიციატორს არ ჰქონდა უარყოფითი განზრახვა.

ერთ-ერთი მთავარი დანაშაული, რაც ჩაიდინა წინა ხელისუფლებამ იყო ის, რომ ელიტები მოსპეს ქვეყანაში, ეს იყო მათი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი. კონსოლიდირებული ელიტები საზოგადოებას სამწუხაროდ არ ჰყავს, მაგრამ ქვეყანას ჰყავს ადამიანები, რომელთაც აქვთ ავტორიტეტი, ობიექტური საფუძვლით და რომლებთანაც საჭიროა საუბარი და საჭიროა, ცალკე გამოიყოს ეკლესია, რომელთანაც პირველ რიგშია საუბარი საჭირო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.