ირაკლი კობახიძე - კაცური საქციელი არ არის, როცა მელია ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ მისგან გაბრიყვებული ადამიანები, რომლებიც უტევდნენ პარლამენტს, უნდა შევიდნენ ციხეში
ირაკლი კობახიძე - კაცური საქციელი არ არის, როცა მელია ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ მისგან გაბრიყვებული ადამიანები, რომლებიც უტევდნენ პარლამენტს, უნდა შევიდნენ ციხეში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამნისტია შეთანხმების ნაწილია და აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლები არიან, რომ ხელმოწერილი დოკუმენტის ეს ნაწილი აღსრულდეს.

ამასთან, კობახიძე განმარტავს, რომ ამნისტია არის ერთადერთი ზომა, რომელიც იცავს ბრალდებულს შესაძლო გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებისგან.

„რაც შეეხება ამნისტიის კანონს, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამნისტიის კანონი არ არის სხვა რაღაცების ალტერნატივა, იქ საუბარი იყო გირაოზე, თავდებობაზე და ა.შ. ამნისტია არის ერთადერთი ზომა, რომელიც იცავს ბრალდებულს შესაძლო გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებისგან. სხვა – არც გირაო, არც თავდებობა და ა.შ. ამისგან არ იცავს ბრალდებულს. ერთადერთი, რაც იცავს ბრალდებულს შესაძლო გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებისგან არის სწორედ ამნისტია. ამნისტია არ არის არაფრის ალტერნატივა. ამნისტია არ იყო ჩვენი მოთხოვნა, პირიქით, ჩვენ არ მოგვწონდა ეს პუნქტი, თუმცა საბოლოო ჯამში ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა და შესაბამისად, ამნისტიის შესახებ ჩანაწერი აისახა ამ დოკუმენტში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ პასუხიმსგებელი, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი აღსრულდეს, შესაბამისად, ამნისტიის შესახებ კანონი უნდა იყოს მიღებული.

ერთი მხრივ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გირაო იყოს გადახდილი და მელიამ აღიაროს გირაო, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, მაგრამ კკიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გირაო რომც მიიღოს მელიამ, ის გამოვა წინასწარი პატიმრობიდან, თუმცა თუ დადგება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ის შებრუნდება ციხეში, ამიტომ ამნისტიის ალტერნატივა გირაო არ არის.

კიდევ ერთი აქცენტი, როდესაც მელია ამბობს, რომ ახლა უკვე მზად არის, გირაო აღიაროს, გამოვიდეს, ოღონდ, ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია, რადგან ეს არის უკან დახევა, მაგრამ მინდა, მას შევახსენო, უფრო სწორად, ვუთხრა, რომ არ არის კაცური საქციელი, როდესაც ის ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მისგან იყვნენ გაბრიყვებული და რომლებიც უტევდნენ პარლამენტს, უნდა შევიდნენ ციხეში. ეს არ არის კაცური საქციელი, მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის მათ შორის გაწერილი შეთანხებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ მიმართა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. მელია მათ მოუწოდებს, „არ მიიღონ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია“.

ამასთან, ნიკა მელია სთხოვს ოპოზიციას და მიმართავს დოკუმენტზე ხელმომწერ „ქართულ ოცნებასაც“, გაითხოვონ ამნისტიის საკითხი და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, იღებს სრულ პასუხისმგებლობას, დათანმხდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს.