ირაკლი კობახიძე - სააკაშვილს შეუძლია, ცილა მიიღოს, ჭამოს კვერცხი, ხაჭო და დამთავრდება პრობლემა, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, ეტყობა, რაღაც განზიდვა აქვს
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილს შეუძლია, ცილა მიიღოს, ჭამოს კვერცხი, ხაჭო და დამთავრდება პრობლემა, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, ეტყობა, რაღაც განზიდვა აქვს

კაცს შეუძლია, ცილა მიიღოს და არ იღებს, ჭამოს კვერცხი, ხაჭო და დამთავრდება პრობლემა. მგონი, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, ეტყობა, მათ მიმართ რაღაც განზიდვა აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ვინმე თუ ითხოვს ან მომავალში მოითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას ან გათავისუფლებას, ე.ი. ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ეს არის საქართველოს ომში ჩართვა. კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის გადაცემა-გათავისუფლება გამორიცხულია.

„რაღაც ანონსი როცა სრულ სიცრუესა და სიყალბეზეა აგებული, მას ვერანაირი წარმატება ვერ ექნება. ბუნებრივია, პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ამ თვალსაზრისით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს და კეთდება კიდეც. პატიმარი ცილოვან საჭმელს თუ განწყობის არარსებობის გამო არ იღებს, არ ვიცი, რა უნდა გააკეთო, მაგრამ შეიძლება, გარკვეული გზები აქაც იყოს. სააკაშვილი ყველანაირი პირობით უზრუნველყოფილია, მოქმედება პასუხისმგებლობით გაგრძელდება, დანარჩენი არის პატიმრის პასუხისმგებლობა. მათ აქციებს წარმატება ვერ ექნება, რადგან ხალხი „ნაცმოძრაობას“ მხარს არ უჭერს. „ნაცმოძრაობის“ დასუსტების ხარჯზე პოლარიზაციის ხარისხი სერიოზულად შემცირებულია, ეს არის კარგი მდგომარეობა და ეს მდგომარეობა უნდა შენარჩუნდეს. გადაცემა-გათავისუფლება არის გამორიცხული. თუ ვინმე ითხოვს ან მომავალში მოითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას ან გათავისუფლებას, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ეს არის საქართველოს ომში ჩართვა. ამას კონკრეტულ ლოგიკასა და ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობ. ასეთ განცხადებებს არ ავყვებით“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ადამიანი, რომელიც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისთვის, ქვეყნის არევისთვის ჩამოვიდა და რომელიც სასჯელს დამსახურებულად იხდის, უნდა იყოს იქ, სადაც მისი ადგილია.

„საქმე მარტივად გვაქვს – კაცს შეუძლია, ცილა მიიღოს და არ იღებს. კეთილი ინებოს, მიიღოს და ამით ყველაფერი დამთავრდება. ცილებს ვერ იღებს ან არ იღებს, რას ჰქვია? – თუ არ იღებს, ეს არის შიმშილობის ერთგვარი ფორმა. ვერ იღებს? – არ ვიცი, რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს. დეტალებში ვერ შევალ, რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს და არ ჭამდე ხაჭოს. ჭამოს კვერცხი, ხაჭო და დამთავრდება პრობლემა. მგონი, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, ეტყობა, ამ პროდუქტის მიმართ რაღაც განზიდვა აქვს. სინამდვილეში, რაში შეიძლება იყოს საქმე – შეიძლება, წინასწარ განზრახული გეგმა იყოს, შეიძლება, ცილას სწორედ იმიტომ არ იღებდე, რომ ეს დიაგნოზი დაგისვან. ბუნებრივია, ასეთ რაღაცებში ვერ შევალთ. კაცს ეკუთვნის სასჯელის მოხდა და უნდა მოიხადოს ბოლომდე. რაც შეეხება ჯანდაცვის თვალსაზრისით პასუხისმგებლობას, ამას ხელისუფლება შეასრულებს. გადაყვანასა და გათავისუფლებაზე საუბარი ვერ იქნება, პატიმრის მიმართ ზრუნვა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.