ირაკლი კობახიძე - ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი, არავინ აღიქვამს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში, მასზე დროს საერთოდ არ დავხარჯავდი
ჯო უილსონი არის სრულიად არასერიოზული კაცი ყველა თვალსაზრისით და, მგონი, არავინ აღიქვამს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს, გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან.
„ჯო უილსონი წარმოადგენს პრეზიდენტის პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას. იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს, გააღრმაოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან. მას ცოტა ხნის წინ ჰქონდა ვიზიტი ჩინეთში, მეგობარს უწოდებს ჩინეთის პრეზიდენტს, ამ ფონზე როდესაც გამოდის ვიღაც ჯო უილსონი და საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთს აქვს ნეგატიური გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, სრულიად არასერიოზულია და რაიმე განსაკუთრებულ კომენტარს არ იმსახურებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომლითაც „საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე“ საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს.
კანონპროექტის მიღებამდე წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც განაცხადა: „არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამჟამად ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს“.