ირაკლი კობახიძე - ჯინ შაჰინი საუბრობს, რომ უნდა გადაიხედოს საქართველოს სახელმწიფოსთან პარტნიორული ურთიერთობები, ეს არის ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა
ირაკლი კობახიძე - ჯინ შაჰინი საუბრობს, რომ უნდა გადაიხედოს საქართველოს სახელმწიფოსთან პარტნიორული ურთიერთობები, ეს არის ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა

სენატორი ჯინ შაჰინი იყო „ნაცმოძრაობის“ მეგობარი 2012 წლამდეც, მაშინ, როდესაც საქართველოში იყო დამყარებული სისხლიანი რეჟიმი თავის წამებით, გაუპატიურებით, ბიზნესის რეკეტით და ტერიტორიების ჩაბარებით, მაშინაც მეგობრობდა ეს ადამიანი „ნაცმოძრაობასთან“ და აგრძელებს ამ მეგობრობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

კობახიძე საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიის გადახედვაზე ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა და მას შეურაცხმყოფელი და უსამართლო უწოდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჯინ შაჰინთან არაერთხელ ჰქონია შეხვედრა, ასევე – „იმ ოდიოზურ ევროპარლამენტარებთან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ“, თუმცა, მისი თქმით, როდესაც არის პოლიტიკური ინტერესი, კომუნიკაციას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

„როდესაც ეს ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოსთან უნდა გადაიხედოს ურთიერთობები, საფუძველი რა არის? – არაფერი. ეს, ბუნებრივია, არის შეურაცხმყოფელი, იგივე დაფინანსების შემცირებაზე როცა საუბრობს. ერთიც და მეორეც არის, ბუნებრივია, შეურაცხმყოფელი. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, აქ განმარტებები უკვე გავაკეთეთ. ძირითადად, ეს თანხები მიდის ენჯეოებზე. შეგიძლიათ, ნახოთ წლევანდელი დაფინანსება, მაგალითად, სად მიდის. რა თქმა უნდა, ენჯეოებს არავინ არ შეუმცირებს დაფინანსებას და ეს მერე შაჰინმაც დააკორექტირა, თქვა რომ მას ასე უთხრეს, რომ არ იქნება მიზანშეწონილი დაფინანსების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. რაც შეეხება პარტნიორული ურთიერთობის გადახედვას, ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი გზავნილი, მით უმეტეს, რომ ახლა უსამართლობაზე არც ვსაუბრობ. გასაგებია, რომ ეს განცხადება აბსოლუტურად უსამართლოა. მისი მეგობრები, როდესაც წავიდნენ ხელისუფლებიდან, იმ პერიოდიდან მოყოლებული ჩვენ გვაქვს საერთოდ ფუნდამენტური წინსვლა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცა და დედამიწაა ის მდგომარეობა, რაც გვაქვს დღეს და რაც იყო წარსულში, მისი მეგობარი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ასეთ უსამართლობასთან როცა გვაქვს საქმე, ეს ერთია, მაგრამ ის საუბრობს საქართველოს სახელმწიფოზე და იმაზე, რომ უნდა გადაიხედოს საქართველოს სახელმწიფოსთან პარტნიორული ურთიერთობები. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. მე პირადად და პრემიერსაც გვქონია ამ ადამიანთან შეხვედრა არაერთხელ, მათ შორის, ოდიოზურ ევროპარლამენტარებთან, დეპუტატებს ძალიან ხშირად. პოლიტიკური ინტერესი როცა არის, კომუნიკაციას დიდი აზრი არ აქვს. მათ აქვთ გამოკვეთილი პოლიტიკური ინტერესი. ისინი განეკუთვნებიან, რაღაც საერთო კოორდინაციის სქემას და მიყვებიან ამ პოლიტიკურ ინტერესს, რაც ძალიან სამწუხაროა და ეს ინტერესი პირდაპირ უპირისპირდება ჩვენს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს,“ – განაცხადა კობახიძემ.