ირაკლი კობახიძე - ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის პროცესში გაგვიჩნდა გარკვეული ეჭვები, ზურაბიშვილის განცხადებებმა მაშინ უხერხულობები შეგვიქმნა, თუმცა გადაწყვეტილების გადასინჯვის რესურსი არ იყო
ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი კანდიდატი, ჩვენ არ გვინდოდა, „ქართული ოცნების“ სახე ყოფილიყო პრეზიდენტის თანამდებობაზე. ამის გამო დავუჭირეთ მხარი სალომე ზურაბიშვილს და გვქონდა მოლოდინი, რომ სათანადოდ დაიკავებდა ამ თანამდებობას და წარმართავდა საპრეზიდენტო საქმიანობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ უპასუხა იაგო ხვიჩიას, რომელმაც განაცხადა: „რას ერჩოდით ქართველ ხალხს, რომელსაც, ფაქტობრივად, ძალით თავს მოახვიეთ პრეზიდენტი, რომელსაც ერთი პროცენტი ჰქონდა, რომელიც თან კონსტიტუციას არღვევს?“.
კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის პროცესში გაუჩნდა მმართველ გუნდს ზურაბიშვილთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები, თუმცა გადაწყვეტილების გადასინჯვის რესურსი არ არსებობდა.
„გახსოვთ, მაშინ პირველად ხდებოდა ისე, რომ პარტიის წარდგენის გარეშე უნდა არჩეულიყო საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენ პატივი ვეცით საქართველოს კონსტიტუციას არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ მატერიალური თვალსაზრისითაც. იყო დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ რაიმე წინასწარი კონსულტაციები არ იყო. წინასწარი კონსულტაციები იყო, მაგრამ ჩვენ ეს პროცესი წარვმართეთ ასე, ჩვენი პირდაპირი ჩარევის გარეშე. იყო დამოუკიდებელი კანდიდატი. ასევე, რაც შეეხება არგუმენტებს, კრიტერიუმებს, ესეც გახსოვთ – წინაპრები, ფრანგული წარსული, დიასპორა, ქალი პრეზიდენტი, ეს იყო მთავარი არგუმენტები და რეალურად დამოუკიდებელი კანდიდატი. ჩვენ არ გვინდოდა, რომ პრეზიდენტად ყოფილიყო „ქართული ოცნების“ სახე ამ თანამდებობაზე. ეს იყო არგუმენტები, რატომაც დავუჭირეთ მხარი სალომე ზურაბიშვილს და გვქონდა მოლოდინი, რომ სათანადოდ დაიკავებდა ამ თანამდებობას და წარმართავდა საპრეზიდენტო საქმიანობას. იმასაც არ დაგიმალავთ, რომ ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის პროცესში გაგვიჩნდა გარკვეული ეჭვები და ამაზე სერიოზული განხილვა იყო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დამემოწმებიან. უბრალოდ, გადაწყვეტილების გადასინჯვის რესურსიც არ იყო. მაშინ უხერხულობები შეგვიქმნა ქალბატონი სალომეს განცხადებებმა საარჩევნო კამპანიის პროცესში. ერთი განცხადება ეხებოდა ომს, რაზეც თან წინასწარი კონსულტაციები გვქონდა, მე პირადად. დაგვპირდა, რომ სხვანაირად იტყოდა რაღაცებს და შემდეგ სხვანაირად თქვა, შეგვიქმნა უხერხულობა. შემდეგ მეორე განცხადება იყო 8 აგვისტოს მემორიალზე, თუმცა საქმე უკვე იქამდე იყო მისული, რომ ალტერნატივაც არ არსებობდა, მით უმეტეს მეორე ტურში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, პრინციპული არჩევანი იყო არა სალომე ზურაბიშვილის არჩევა, არამედ ხმის მიცემა „ნაცმოძრაობის“გაძლიერების წინააღმდეგ.
„ეს იყო პრინციპული არჩევანი, ყველამ კარგად იცის, ამაზე მთელი კამპანიაა აგებული. ეს იყო პრინციპული არჩევანის არსი. არა სალომე ზურაბიშვილის არჩევა, არამედ დამნაშავე პოლიტიკური ძალის, კოლექტიური ნაცმოძრაობის, იმ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობის“ გაძლიერების არდაშვება. ეს იყო ჩვენი მოტივაცია მაშინ. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსეულად გაუძღვებოდა იმ საქმეს, რომელიც ჩაბარდა, მაგრამ ხდება ასეთი რაღაცები, სამწუხაროდ. მან იმედები არ გაამართლა, პირდაპირ შევიდა ალიანსში იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვის წინააღმდეგაც მისცეს მას ხმა მეორე ტურში, შეიწყალა კრიმინალები, ვისიც ეშინოდა თავის დროზე მის ამომრჩეველს. ამის შემდეგ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილმა იმედები არ გაამართლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.