ირაკლი კობახიძე - ივნისის ბოლომდე უპირობოდ უნდა გადაიხედოს კანონი, რომელიც უკავშირდება ნარკოტიკების მოხმარებას და რეალიზებას
ირაკლი კობახიძე - ივნისის ბოლომდე უპირობოდ უნდა გადაიხედოს კანონი, რომელიც უკავშირდება ნარკოტიკების მოხმარებას და რეალიზებას

ივნისის ბოლომდე უპირობოდ უნდა გადაიხედოს, გადაისინჯოს კანონი, რომელიც უკავშირდება ნარკოტიკების მოხმარებას, ნარკოტიკების რეალიზებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასულ ორშაბათს პარლამენტში გაიმართა საგანგებო შეხვედრა, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა შედგა.

„გასულ ორშაბათს პარლამენტში ჩვენ გვქონდა საგანგებო შეხვედრა ზუსტად ამ პროექტთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ უპირობოდ, ივნისის ბოლომდე  უნდა გადაიხედოს, გადაისინჯოს კანონი, რომელიც უკავშირდება ნარკოტიკების მოხმარებას, ნარკოტიკების რეალიზებას. უნდა გადაიხედოს შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველას აქვს საერთო ინტერესი, ნარკოტიკების რეალიზაცია იყოს მაქსიმალურად შეზღუდული, გატარდეს ჰუმანური პოლიტიკა, მათ შორის – ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართებით.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს საერთო ინტერესები. ჩვენი და ყველა იმ ახალგაზრდის, ვინც დგას რუსთაველის გამზირზე, საერთო ინტერესი არის ის, რომ შეიზღუდოს ნარკოტიკების მოხმარება, ყველა ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით, ჰქონდეს თვითრეალიზების უფლება, პოლიტიკა იყოს ჰუმანური. ამ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ვფირობ, რომ ჩვენ საერთო ენის გამონახვა არ გაგვიჭირდება. მზად ვართ  დიალოგისთვის, რათა ეს მიზნები იყოს მიღწეული. ამისთვის ყველა უნდა გავერთიანდეთ”, – განაცხადა კობახიძემ.