ირაკლი კობახიძე - ივანიშვილს აშანტაჟებენ ფარულად, კონკრეტული მიზნით, ამისთვის იყენებენ არაფორმალურ სანქციას, ამას აჯობებს, კაცურად თქვან, რომ აწესებენ სანქციებს, საზოგადოება უკეთესად შეაფასებს, რა დგას ამის უკან
ირაკლი კობახიძე - ივანიშვილს აშანტაჟებენ ფარულად, კონკრეტული მიზნით, ამისთვის იყენებენ არაფორმალურ სანქციას, ამას აჯობებს, კაცურად თქვან, რომ აწესებენ სანქციებს, საზოგადოება უკეთესად შეაფასებს, რა დგას ამის უკან

ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით. ამისთვის იყენებენ არაფორმალურ სანქციას, აჩერებენ თანხებს შვეიცარიაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კობახიძის თქმით, ამას აჯობებს, კაცურად თქვან, რომ აწესებენ სანქციებს და საზოგადოება უკეთესად შეაფასებს, რა დგას ამ სანქციების უკან.

„მე მგონი, საზოგადოებისთვისაც არ არის საინტერესო ასეთი დოკუმენტები. როდესაც მსგავსი უსამართლო განცხადებები კეთდება, მე მგონი საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს. ვფიქრობ, ეს არის მაქსიმალური კომენტარი, რაც ამასთან დაკავშირებით შეიძლება გაკეთდეს. არიან დამნაშავეები, რომლებიც კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს. ასეთ დროს მთავარია სამართლის უზენაესობა და არა ვიღაცების უსამართლო შეფასება.

რაც შეეხება სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ამ თემას მუდამ ატრიალებენ. სინამდვილეში თვითონ ბატონმა ბიძინამ განმარტა, რომ მას აქვს პრაქტიკულად არაფორმალური სანქციები დაკისრებული. მას აქვს გაჩერებული ასეულობით მილიონი დოლარი, რომელიც განთავსებულია შვეიცარიის ბანკის ანგარიშზე, ანუ, არაფორმალური სანქციები ისედაც არის დაწესებული. შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ამ არაფორმალური სანქციების ფორმალიზება მოხდეს ამ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ დააშანტაჟონ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული მიზნით. ანუ, ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით. ამისთვის ისინი იყენებენ არაფორმალურ სანქციას, კერძოდ, აჩერებენ თანხებს შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ანგარიშზე. მე მგონი ამას აჯობებს, გამოვიდნენ და კაცურად თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს. საზოგადოება ამ შემთხვევაში კიდევ უკეთესად შეაფასებს, რა დგას ამ სანქციების უკან, რა არის შანტაჟის მიზანი, რას ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისგან, რატომ თხოვენ მას პოლიტიკაში დაბრუნებას. EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობა“, რაც შემაშფოთებელია. როდესაც ერთ-ერთი ევროპული პარტიის, ამ პოლიტიკური ოჯახის წევრი არის კრიმინალური გაერთიანება, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ეს ეხება როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ევროპულ საქართველოს“. ორივე დანაშაულებრივი პარტიაა, ერთი ფაქტობრივად აღარ არსებობს, მაგრამ ფორმალურად ხომ არსებობს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ფასეულობებს, რაზეც უნდა იდგეს ევროკავშირი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.