საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შეხვდება.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახში 10:30 საათზე არის დაგეგმილი.
ირაკლი კობახიძისა და გიორგი მიქაუტაძის შეხვედრა გასული წლის 28 დეკემბერსაც შედგა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ მაშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საუბარი უზენაესი სასამართლოს ფორმირებასთან დაკავშირებულ პროცესს შეეხო. კობახიძის თქმით, პროცესის სასწრაფოდ ბოლომდე მიყვანაა საჭირო, რადგანაც უზენაეს სასამართლოში პრობლემაა – 28-ის ნაცვლად, 10 მოსამართლეა.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციური ორგანოა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში პროცესების კოორდინაციაზე არის პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობას. შევთანხმდით იმაზე, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძლდება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს კანონშემოქმედება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება, სადაც აუცილებელია თანამშრომლობა.
ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი შეეხო იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს ფორმირებასთან. ამ პროცესის სასწრაფოდ ბოლომდე მიყვანაა საჭირო, რადგანაც პრობლემაა უზენაეს სასამართლოში. დღეს 10 მოსამართლეა წარმოდგენილი ნაცვლად 28-ისა, რაც ბუნებრივია პრობლემებს ქმნის საქმეთა დროული განხილვისა და გადაწყვეტის კუთხით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება.
ასევე საუბარი გვქონდა პროცედურასა და კრიტერიუმებზე. ვიდრე პროცესი განახლდება, საჭიროა პროცედურის და კრიტერიუმების გაწერა. რა თქმა უნდა, ესეც უნდა გაკეთდეს თანამშრომლობის საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.