ირაკლი კობახიძე - იუსტიციის სახლების რაოდენობამ 125 შეადგინა, 2012 წელს კი მხოლოდ 12 ფუნქციონირებდა, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმით აიზომა 810 ათასი მიწის ნაკვეთი, მათგან 553 ათასი დარეგისტრირდა
ირაკლი კობახიძე - იუსტიციის სახლების რაოდენობამ 125 შეადგინა, 2012 წელს კი მხოლოდ 12 ფუნქციონირებდა, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმით აიზომა 810 ათასი მიწის ნაკვეთი, მათგან 553 ათასი დარეგისტრირდა

იუსტიციის სახლების რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 125 შეადგინა, 2012 წელს კი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აშენდა ექვსი ახალი იუსტიციის სახლი.

„იუსტიციის სახლების რაოდენობამ შეადგინა ქვეყნის მასშტაბით 125. მინდა, აქაც შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა ქვეყნის მასშტაბით. 10-ჯერ არის გაზრდილი იუსტიციის სახლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით, ძალიან მალე იუსტიციის სახლები მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. გარდა ამისა, წარმატებით მოქმედებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომელიც 143 სოფელში არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა დაფარულია იუსტიციის სახლების მომსახურებით, დაახლოებით  500 მომსახურებას უწევენ იუსტიციის სახლები ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, გაგრძელდა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აიზომა 810 ათასი მიწის ნაკვეთი, აქედან დარეგისტრირდა 553 ათასი მიწის ნაკვეთი.