ირაკლი კობახიძე - ისეთივე წარმატებით გავატარებთ განათლების რეფორმას, როგორ წარმატებითაც პირადად მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა, უზრუნველვყავი შვიდი არჩევნების მოგება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, განათლების რეფორმა ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა.
როგორც კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში მოსმენისას განაცხადა, განათლების რეფორმა წარმატებით განხორციელდება.
„კიდევ ერთხელ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ის მიმართულება, სადაც ყველაზე ნაკლები გაკეთდა გასული 13 წლის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, ეს გვაკისრებს უფრო მეტ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ უმაღლესი განათლების რეფორმის გატარებაზე. აქ საუბარი იყო, რომ არა მარტო ქვეყანას, არამედ პარტიასაც შევუქმენით პრობლემები. მე მგონია, რომ ისეთივე წარმატებით გავატარებთ ამ რეფორმას, როგორ წარმატებითაც პირადად მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა, უზრუნველვყავი შვიდი არჩევნების მოგება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ზოგადი განცხადებების ნაცვლად, მომავალში მნიშვნელოვანია სიღრმისეული მსჯელობა ყველა თემასთან დაკავშირებით.
„როდესაც არის საკითხები, გამოწვევები, გადაჭრის გზები, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საკითხი სიღრმისეულად განვიხილოთ. ჩვენი მხრიდან მომავალშიც იქნება სრული მზაობა ამისთვის. იმედი მაქვს, შემდეგი ინტერპელაციები, განხილვები, ანგარიშის მოსმენები წარიმართება სწორედ ასეთ ფორმატში. მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ რწმენას, რომ განათლების რეფორმა წარმატებით განხორციელდება. მადლობა განათლების მინისტრს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.