ირაკლი კობახიძე - ისეთი მიდგომა თუ იქნება, როგორიც არის მაგალითად, ბორელის ლანძღვა, პირობის დარღვევა, შეთანხმება შეიძლება, არ შედგეს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ ადასტურებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი არის პოლიტიკური მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით.
„არცერთ პუნქტს არ ვადასტურებთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში არ არსებობს.
„ვერცერთ კონკრეტულ პუნქტს ვერ გავაცხადებთ და დანარჩენი არის ისევ და ისევ ოპოზიციის სპეკულაციები. არასწორია, როდესაც კითხვა დაისვა, უფრო სწორად, ითქვა, რომ არც ერთი დეტალი არ გაუმჟღავნებიათ. ესეც უკვე გამჟღავნებული დეტალია. ისინი მუდმივ რეჟიმში არღვევენ იმ პირობას, რომელიც აქვთ დადებული საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. უპირო ხალხია ესენი და აქედან გამომდინარე, მათ აქვთ ასეთი მიდგომა ზოგადად პოლიტიკური მოვლენების მიმართ. არასწორია მათი მხრიდან და ასეთი შეცდომები მომავალში მათ არ უნდა დაუშვან, შეცდომები, დანაშაულებს თავი რომ დავანებოთ, შეცდომებიც მძიმეა. რასაც ისინი სჩადიან“, – განაცხადა კობახიძემ
ამასთან, კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, იქნება თუ არა ხვალინდელი შეხვედრა დამამთავრებელი.
„ჩვენ გვაქვს ამის იმედი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ იქნება სათანადო მიდგომა ოპოზიციის მხრიდან, ამ შემთხვევაში, წარმატების შანსი არსებობს. მაგრამ, თუ იქნება ისეთი მიდგომა, რაც დავინახეთ გუშინ და დღეს, როგორიც არის მაგალითად ბორელის ლანძღვა და როგორიც არის მაგალითად, პირობის დარღვევა, რომელიც აქ მისცეს საერთაშორისო პარტნიორებს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, არ შედგეს შეთანხმება. მაგრამ ყველაფერი არის მათ კეთილგონიერებაზე დამოკიდებული“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როცა კობახიძე ამას ამბობს, გულისხმობს თუ არა ყველას, ვინც მოლაპარაკების მაგიდასთან ზის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა: „ბევრს, ანუ ბევრი არღვევს ამ პირობას და ბევრი გამოირჩეოდა გუშინ ბორელის ლანძღვით. არის იქ რა თქმა უნდა დიფერენცირება, არიან ცალკეული პარტიების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ აშკარად გამოხატული კონსტრუქციული მიდგომა, თუმცა არიან პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც არ გამოირჩევიან. უკვე ჩანს რაღაცა ნიშნები, ცოტა სხვანაირი მიდგომით გამოირჩევიან. იმედი გვაქვს, დღეს იმ ასე ვთქვათ მიზეზით, რომ წარმატებისკენ გვინდა წავიდეს პროცესი, ამას არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ზოგადად, ეს რა თქმა უნდა კონსტრუქციულობის კუთხით გარკვეული ზღვრის გავლება არის შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.