ირაკლი კობახიძე - ისე, როგორც არასდროს, საქართველო დღეს უკეთესად არის მომზადებული გარე და შიდა გამოწვევებთან გასამკლავებლად
ისე, როგორც არასდროს, საქართველო დღეს უკეთესად არის მომზადებული გარე და შიდა გამოწვევებთან გასამკლავებლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.
„საქართველო გაძლიერდა და უფრო სტაბილური გახდა ბოლო წლების განმავლობაში. დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველო, როგორც სახელმწიფო, უკეთესად არის აღჭურვილი და მომზადებული გარე და შიდა გამოწვევებთან გასამკლავებლად. ჩვენი ეკონომიკა მზარდია, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერდება, ხოლო ქართველი ხალხის ნდობა ხელისუფლებისა და პროდასავლური პოლიტიკისადმი მნიშვნელოვნად მაღალია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ისეთ ცხელ რეგიონში მდებარეობს, სადაც არსებული გამოწვევები საკმაოდ რთულია იმისთვის, რომ მარტო გაუმკლავდეს. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, პირველ რიგში კი, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამყარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„მხოლოდ ჩვენს უახლოეს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად დგომით შევძლებთ, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, და საბოლოოდ მივაღწიოთ ხანგრძლივ და დემოკრატიულ რეგიონალურ მშვიდობასა და სტაბილურობას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საქართველოს ნამდვილად სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა, თუმცა, ჩვენს ქვეყანას თავადაც შეაქვს საკუთარი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში და ავღანეთსა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილით, საქართველო უკვე აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული აქტივი ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეებისათვის.
„რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან მიუღწეველ ოცნებად გვეჩვენებოდა. თუმცა, ჩვენ უკვე ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, ასევე ხელი მოვაწერეთ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, და უკვე რამდენიმე წელია ჩვენი მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნებში. ეს წარმატება გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის რეფორმების აქტიური დღის წესრიგიდან ყველა იმ მიმართულებით, რაც წარმოადგენს იმ დაუღალავი შრომის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია იმის უზრუნველყოფისკენ, რომ საქართველო შეასრულებს ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს 2022 წლისთვის და კიდევ უფრო წაიწევს წინ ევროკავშირის წევრობისაკენ.
საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატო-ში სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხი. მიუხედავად მთავრობის შემადგენლობისა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (85%-მდე) ირჩევს პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას, და მათი ეს მტკიცე მხარდაჭერა ჩვენს ხელისუფლებას უძლიერებს რწმენას შიდა და საგარეო საკითხებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ შეკითხვებს უპასუხა. დისკუსიას მოდერირებას ავსტრიის ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ვერნერ ფასლაბენდი უწევდა.
ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას საქართველოს დელეგაციის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ.