ირაკლი კობახიძე - ის დეპუტატები ოპოზიციიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, გარიგებული არიან არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან
ოპოზიციიდან იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, ეს დეპუტატები არიან გარიგებული არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან, ძალიან პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს იმასთან დაკავშირებით, რომ სურთ კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, თავის დროზე, ვინც ჩააწერინა კომისიას ეს საკითხი ერთ-ერთ მოთხოვნად, ეს იყო ალოგიკური.
„ამ მოთხოვნას ცალმხრივად ჩვენ ვერ შევასრულებთ. როდესაც გჭირდება 90 ხმა გარკვეული თანამდებობის პირების ასარჩევად, ეს ვერ იქნება სახელმწიფოსთვის წაყენებული მოთხოვნა, აქ არის საჯარო კონსენსუსი, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მონაწილეობით. ალოგიკური იყო ამ მოთხოვნის ჩაწერა ევროკომისიის მიერ ჩამოწერილ პუნქტებში და ვინც ჩააწერინა თავის დროზე ეს პუნქტი, მას ჰქონდა თვითმიზანი, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. იგივე თვითმიზანი აქვს რადიკალურ ოპოზიციას და ამიტომ ცდილობდნენ, ჩაეგდოთ კანდიდატების არჩევის საკითხი, თუმცა ეს არ გამოუვიდათ. როგორც წარუმატებლები იყვნენ ისინი დღეს, იმედი მაქვს, ასეთივე წარუმატებლები იქნებიან იმ განზრახვაში, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსი დაბლოკვა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი, კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად 29 კანდიდატს უყარა კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. კენჭისყრა ფარული იყო, შესაბამისად, უცნობია, რომელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი არჩეულ კანდიდატებს.
ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ვაკანტური ადგილია დარჩენილი. ოთხ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, მეორე ტურში უყრიან კენჭს.