ირაკლი კობახიძე - ირაკლი ღარიბაშვილმა სამი წლის წინ გაახმოვანა პრინციპული გადაწყვეტილება სანქციების არდაწესებაზე, ამის შემდეგ შევძელით მტკიცე პოზიციის შენარჩუნება მშვიდობის განმტკიცებასთან დაკავშირებით
ყველას გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის სამი წლის წინანდელი განცხადება. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება და განცხადება, რომელიც მან გაახმოვანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, მაშინ იყო პირდაპირი მცდელობა, რომ საქართველოში მომხდარიყო ესკალაცია, ქვეყანა ჩაერთოთ სამხედრო კონლიქტში, რომელიც დაიწყო უკრაინაში.
„ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი. მათ შორის, პრინციპული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა სანქციების არდაწესებას. ეს ნიშნავდა, ერთი მხრივ, ესკალაციას, რაც უნდოდათ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, მეორე მხრივ, ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს ჩვენ ვერ გადავდგამდით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაშინ იქნა მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც გაახმოვანა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამის შემდეგ ჩვენ შევძელით ჩვენი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში მშვიდობის განმტკიცებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.