ირაკლი კობახიძე - ინტერპელაცია პარლამენტს საშუალებას აძლევს, დაუსვას კითხვები პრემიერს, მთავრობის სხვა წევრებს და მიიღოს პასუხები
ირაკლი კობახიძე - ინტერპელაცია პარლამენტს საშუალებას აძლევს, დაუსვას კითხვები პრემიერს, მთავრობის სხვა წევრებს და მიიღოს პასუხები

ინტერპელაცია, რომელიც დღეიდან ინერგება ძალიან მნიშვნელოვანია და პარლამენტს აძლევს საშუალებას, დაუსვას კითხვები პრემიერ-მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს და მიიღოს პასუხები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გასული 12 წლის განმავლობაში, მსგავსი პროცედურა პარლამენტში სულ რვაჯერ შედგა.

„დღეიდან ვნერგავთ ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას, რომელიც არის ასახული ახალ კონსტიტუციასა და ახალ რეგლამენტში – ეს არის ინტერპელაცია, რომელიც მისცემს პარლამენტს საშუალებას, დაუსვას კითხვები პრემიერ-მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს და მიიღოს ამაზე პასუხები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია. გასული წლების განმავლობაში, სხდომაზეც აღვნიშნე, 12 წლის განმავლობაში, ამდაგვარი პროცედურა შედგა საქართველოს პარლამენტში სულ რვაჯერ. ჩვენ ამ რეკორდს მოვხსნით მომდევნო ორი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია სტატისტიკა და ასევე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შინაარსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტმა სათანადოდ განახორციელოს თავისი საზედამხედველო ფუნქცია და აღნიშნული პროცედურაც ამის შემადგენელი ნაწილია.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება რეგლამენტში მინისტრების მოსმენის პროცედურის დახვეწის მიზნით ცვლილებები, კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტი მზად არის, ყველაფერზე იმსჯელოს.

„ვერ გეტყვით, ჩვენ მზად ვართ ყველაფერზე მსჯელობისთვის. ზოგადად, რეგლამენტი არის აგებული პრინციპებზე, რასაც ჰქვია საზედამხედველო ფუნქციების სწორად განხორციელება პარლამენტის მიერ. შესაბამისად, სწორად არის ყველა რეგულაცია დადგენილი მოქმედი რეგლამენტით. ბევრი სიახლეა, რაც აძლევს პარლამენტს საშუალებას, სათანადოდ, უკეთ განახორციელოს საზედამხედველო, ასევე, კანონშემოქმედებითი ფუნქციები. თუ რამეს კორექტირებაზე იქნება საუბარი, მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს.