ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, საქართველოს პარლამენტს მეტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შემოუერთდება
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, საქართველოს პარლამენტს მეტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შემოუერთდება

იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტს მეტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შემოუერთდება.  მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა არაერთხელ გამოვთქვით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება კონსულტაციებზე, მათ შორის ელჩების ჩართულობით.

„იმედი გვაქვს, რომ მეტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შემოუერთდება საქართველოს პარლამენტს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჩვენ მზადყოფნა არაერთხელ გამოვთქვით, ბუნებრივია, კონსულტაციებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მათ შორის ელჩებთან კონსულტაციებზე. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ფორმატში გარკვეული საკვანძო საკითხები შეჯერებული იყო.

„რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, იქ იყო გარკვეული საკვანძო საკითხები, რომელიც შეჯერებული იყო მოლაპარაკებების ფორმატში და ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ მოდის ამ შეთანხმებაზე. ჩვენ გვქონდა უკვე ერთი ბრიფინგი ჩატარებული იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყება უახლოეს დღეებში მუშაობა ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვაზე, რაც მათ შორის ოქმების ბალანსის მრავალწლიან პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის, მაღალ ტექნოლოგიებზეა საუბარი.

ასევე მზად ვართ, რომ თუნდაც ცალმხრივად დავიწყოთ მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე, ისეთ რეფორმაზე, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს უკეთეს კანონმდებლობას და უკეთეს საარჩევნო პრაქტიკას. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ ამ პროცესში ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სულ მცირე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიისვე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახალი კანონმდებლობის პირობებში ჩატარდება.

„ჩვენ ვიმუშავებთ საარჩევნო რეფორმაზე. ახალი კანონმდებლობის პირობებში ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და იქ ყველა დააკვირდეს, როგორი შედეგებით დასრულდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამის შემდეგ გავაგრძელოთ მსჯელობა“, – განაცხადა კობახიძემ.