ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, რომ მეგობარი ქვეყნების თანადგომით საქართველო განამტკიცებს ეროვნულ თავისუფლებას და ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი გახდება
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, რომ მეგობარი ქვეყნების თანადგომით საქართველო განამტკიცებს ეროვნულ თავისუფლებას და ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი გახდება

ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ქართული დემოკრატიის უმთავრეს კერაში – საქართველოს პარლამენტში, – ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტი იყო ის ადგილი, სადაც ქართველი ხალხის დიდი ძალისხმევით განხორციელდა ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეა;

„პარლამენტში ჩაისახა დემოკრატიული მმართველობა და განვითარდა ქართული სახელმწიფოებრიობის თანამედროვე სისტემა. პარლამენტი კვლავაც ქართული საპარლამენტო დემოკრატიის ყველაზე მტკიცე საყრდენია, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფლების ერთგულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. 10 წლის წინ, აგვისტოს დღეებში, 2008 წელს სწორედ პარლამენტის სასახლის წინ შეიკრიბნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მეთაურები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. თქვენი ქვეყნების ლიდერების მძლავრმა პროტესტმა მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის დარაზმვა საქართველოს მხარდასაჭერად და იმედი მოგვცა ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას, რომ გადარჩებოდა ჩვენი თავისუფლება და ეროვნული დამოუკიდებლობა. საქართველოსთვის ყველაზე მძიმე დღეებში თქვენმა გვერდით დგომამ ჩვენს ხალხს მომავლის რწმენა დაუბრუნა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აღმოჩენილი დახმარებისა და თანადგომისათვის. თქვენი მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია ომის შემდეგაც, ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის პირობებში საქართველოს განვითარებისა და წინსვლისათვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა ფასდაუდებელია არა მარტო პოლიტიკური, არამედ მორალური თვალსაზრისითაც.

აგრესიიდან 10 წლის შემდეგ საქართველო უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული და უფრო სტაბილური ქვეყანაა. ჩვენი ქვეყნის წარმატება არის ყველაზე მტკიცე და დამაჯერებელი პასუხი რუსეთის აგრესიაზე. თავისუფალ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩვენ შევძელით, მიგვეღწია მეტი რეგიონული სიმშვიდისა და მშვიდობისათვის”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მშვიდობისმყოფელმა პოლიტიკამ შეგვაძლებინა, შეგვემსუბუქებინა ოკუპაციის, მცოცავი ანექსიის მძიმე შედეგები და ქვეყნისთვის დაგვებრუნებინა საერთაშორისო ავტორიტეტი.

„საქართველო მტკიცედ დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას, რამაც გააძლიერა ხელისუფლების შტოებს შორის წონასწორობა, გააძლიერა თავისუფალი მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებების პატივისცემა ჩვენს ქვეყანაში. დღეს საქართველო დამოუკიდებელ არსებობას განაგრძობს განახლებული, უფრო დემოკრატიული კონსტიტუციის პირობებში და ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც კრიტიკულად აუცილებელია ჩვენი თავისუფლების განმტკიცებისთვის. დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარება საქართველოში ტრადიციად იქცა, რამაც ჩვენს ხალხს გაუჩინა თავდაჯერებისა და სიამაყის განცდა. ასევე, დემოკრატიისა და თავისუფლების მაღალი ხარისხი შეუძლებელს ხდის საქართველოს დაბრუნებას დიქტატურისა და ძალადობის სივრცეში, რაც განაპირობებს ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს წევრობის დიდ მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობაში”, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ბოლო წლებში დიდი ნაბიჯები გადადგა, რამაც მოუტანა მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში და სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან.

„ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს მთავარი პრიორიტეტია, რომელსაც თანმიმდევრულად და განუხრელად მივყვებით. იმავდროულად, ვაძლიერებთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემას მეტი სიმტკიცისა და მდგრადობისათვის, რადგან გვესმის, რომ თავისუფლების დაცვას დიდი ძალისხმევა და თავგანწირვა ესაჭიროება. ჩვენს წინაშეა უდიდესი გამოწვევა – დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნებით შევძლოთ შემდგომი აგრესიის პრევენცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მსოფლიოს თავისუფალ თანამეგობრობაში გაწევრიანება, რაც გულისხმობს ნატო-სა და ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას. ჩვენმა ხალხებმა არაერთხელ გამოსცადეს უსამართლობა და ძალადობა, მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ თავისუფლებას წინ ვერაფერი აღუდგება. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმატება ევროკავშირისა და ნატო-ს გზაზე, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და უსაფრთხოების მაღალი დონე ძალას გვმატებს და გვარწმუნებს, რომ საქართველოს მოსახლეობაც მალევე იზეიმებს ასეთივე წარმატებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების თანადგომით საქართველო განამტკიცებს ეროვნულ თავისუფლებას, აღიდგენს მთლიანობას, თავისუფალი ევროპისა და ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი გახდება”, – აღნიშნა კობახიძემ.

 

დატოვე კომენტარი