ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა
ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით.

„ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს სოლიდარობა გამოუცხადა და მომხდარის შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებს და რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას“, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.