ირაკლი კობახიძე - იენს სტოლტენბერგის ათწლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო სირთულეებს, თუმცა, მისი ლიდერობით, ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად
ირაკლი კობახიძე - იენს სტოლტენბერგის ათწლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო სირთულეებს, თუმცა, მისი ლიდერობით, ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად

ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მასპინძლობა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

პრემიერის თქმით, ნატო კვლავ რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად.

„ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი ათწლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს, თუმცა, თქვენი ლიდერობით, მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მადლიერია ნატო-ს და პირადად გენერალური მდივნის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ასევე, ინტეგრაციის პროცესი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო ნატო-ს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის სრულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.