ირაკლი კობახიძე - გვარამიასთან ერთად, დანაშაულზე პასუხისმგებელი არიან მაშინდელი პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, ოპოზიციური პარტიები, „ენჯეოები“ და მათი უცხოელი პატრონები
ირაკლი კობახიძე - გვარამიასთან ერთად, დანაშაულზე პასუხისმგებელი არიან მაშინდელი პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, ოპოზიციური პარტიები, „ენჯეოები“ და მათი უცხოელი პატრონები

ყველამ იცის იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც ჩაიდინა ნიკა გვარამიამ. ეს დადასტურდა სასამართლოს მიერ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიასთან ერთად, დანაშაულზე პასუხისმგებლები არიან სხვა ადამიანებიც, მათ შორის მაშინდელი სახალხო დამცველი, ოპოზიციური პარტიები, „ენჯეოები“.

„სხვათა შორის, თავის დროზე იგივე ადამიანები იყვნენ ჩართული კამპანიაში, რომელმაც გვარამიას დანაშაულის ჩადენის საშუალება მისცა. გახსოვთ, მთელი კამპანია იყო, სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაშინდელმა პრეზიდენტმა, მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, „ენჯეოებმა“ და ასე შემდეგ, მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, რათა შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. დაახლოებით ორი წლით ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა. სწორედ ამ შეჩერებამ გვარამიას დანაშაულის ჩადენის საშუალება მისცა. რეალურად, ის თავს დაესხა დამოუკიდებელ მედიას, რომელიც გადასაცემი ჰქონდა მოგვიანებით კანონიერი მფლობელისთვის. მან იცოდა, რომ სტრასბურგი აუცილებლად დაჰყვებოდა იმ საქმეს, რომელიც განიხილა უზენაესმა სასამართლომ. რეალურად, უზენაესმა სასამართლომ თავის დროზე დაადგინა მარტივი ჭეშმარიტება, რომ კანონიერ მფლობელს წაართვეს „რუსთავი 2“ და, რა თქმა უნდა, იგივე გაიმეორა სტრასბურგის სასამართლომ. გვარამიამ იცოდა, რომ მას კანონიერი მფლობელისთვის გადასაცემი ექნებოდა „რუსთავი 2“, ისარგებლა ორწლიანი შეჩერების პერიოდით. სწორედ ამ ორ წელიწადში გაძარცვა ტელეკომპანია შვიდი მილიონი ლარით. შესაბამისად, ამ დანაშაულზე გვარამიასთან ერთად, პასუხისმგებელი არიან მაშინდელი პრეზიდენტი, მაშინდელი სახალხო დამცველი, ოპოზიციური პარტიები, „ენჯეოები“ და მათი უცხოელი პატრონები, მათ შორის ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით დღესაც საუბრობენ სხვანაირი ფორმით.

გავიმეორებ, თავის დროზე უზენაესი სასამართლოს მიერ იყო გამოტანილი გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. გვარამიას, ყარამანიშვილებს, სააკაშვილს „რუსთავი 2“ უნდა გადაეცათ კანონიერი მფლობელისთვის. მაშინდელმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, „ენჯეოებმა“, ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა უცხოელმა პატრონებმა მიმართეს სტრასბურგს, შეჩერებულიყო ამისი აღსრულება. პოლიტიკური კამპანიის შედეგად, სტრასბურგს მოუწია ამ ყველაფრის გათვალისწინება და შეაჩერა აღსრულება. რა თქმა უნდა, ორი წლის თავზე დაჰყვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ორ წლით იყო შეჩერებული აღსრულება, მათ შორის იმ კამპანიით. ამიტომ ისინიც არიან პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შვიდი მილიონი ლარით გაძარცვის გამო. მათაც ეკუთვნით წილი პასუხისმგებლობა ამ საქმეზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართეს, რამდენად აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს ნიკა გვარამიას, რაზეც კობახიძემ აღნიშნა:

„თავის დროზე, გახსოვთ, როგორ მოიხსენიებდა გვარამია სალომე ზურაბიშვილს, როცა ის იყო საპრეზიდენტო კანდიდატი. შემიძლია, გავიხსენო ერთი სიტყვა, მეორეს, უბრალოდ, არ გავიხსენებ ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე. მას უწოდებდა რეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილი გვარამიას თუ შეიწყალებს, გამოდის, რომ მის მიმართ გვარამიას შეფასებას ეთანხმება. დიდი იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარკვეული წითელი ხაზები აქვს, რაც ძალიან კარგია. იმედია, ეს წითელი ხაზები არ გადაიკვეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.