ირაკლი კობახიძე - გვაქვს უნიკალური შანსი, საბოლოოდ დავამთავროთ „ნაციონალური მოძრაობა“, ამისთვის საჭიროა, 30 ოქტომბერს სრული მობილიზება, რათა საბოლოოდ მოვიპოვოთ გამარჯვება
ირაკლი კობახიძე - გვაქვს უნიკალური შანსი, საბოლოოდ დავამთავროთ „ნაციონალური მოძრაობა“, ამისთვის საჭიროა, 30 ოქტომბერს სრული მობილიზება, რათა საბოლოოდ მოვიპოვოთ გამარჯვება

ჩვენ გვჭირდება მობილიზაცია ყველა, ოცივე მუნიციპალიტეტში, რათა საბოლოოდ მოვიპოვოთ გამარჯვება და ეს გახდება საწინდარი, რომ სრულიად განეიტრალდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებს ქართულ პოლიტიკაში, ეს არის მნიშვნელოვანი ქართული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არსად აქვს უმრავლესობა, არც ერთ საკრებულოში.

„რაც შეეხება საკრებულოებს, ყველაში ჩვენ მოვახერხებთ საბოლოო ჯამში სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას. ეს ერთი, რაც შეეხება საბოლოო დასრულებას, ამისთვის საჭიროა რა თქმა უნდა, 30 ოქტომბერს ამომრჩევლის სრული მობილიზაცია. ჩვენ უკვე მოვიგეთ 64-დან 44 მუნიციპალიტეტში არჩევნები, 20-ში დაგვრჩა მოსაგები. როგორც კი მოვიგებთ და დასრულდება არჩევნების მეორე ტური, მივიღებთ მოცემულობას, რომ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სრულად, ეს იქნება მოცემულობა. ასევე მოგებული გვექნება მათი გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი, ეს მეორე. მათი ბელადი არის ციხეში, ეს მესამე. შესაბამისად, ყველანაირი წინაპირობა იქმნება, რათა შემდეგი სამი წლის განმავლობაში, ქვეყანა სრულიად მშვიდად განვითარდეს. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამას სჭირდება რა თქმა უნდა, მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე 18-წელია, ამ ქვეყნის განვითარებას.

„18 წელია, ამ ქვეყანას უშლიან ხელს „ნაციონალები“. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ დამთავრებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ქართული დემოკრატიისთვის. გეთანხმებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე ინარჩუნებდა საკუთარ თავს და ამის საშუალებას აძლევდა სხვადასხვა ფაქტორი. მათ შორის ის, რომ სააკაშვილი წარმართავდა პროცესებს თავისი მოპარული ფულით კიევიდან და დღეს ის არის ციხეში, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი და მეორე, იყო ყოველ წელს პოლარიზებული არჩევნები. როგორც კი, რაღაც პროცესები მიდიოდა სწორი მიმართულებით, წამოყოფდა ხოლმე არჩევნების წყალობით ისევ თავს ნაც მოძრაობა. ახლა მათი ბელადი არის ციხეში, სამი წელი არ იქნება არჩევნები, შესაბამისად, ახლა ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ საბოლოოდ დავამთავროთ „ნაციონალური მოძრაობა“. ამისთვის საჭიროა 30 ოქტომბერს სრული მობილიზება. ჩვენ გვჭირდება მობილიზაცია ყველა, ოცივე მუნიციპალიტეტში რათა საბოლოოდ მოვიპოვოთ გამარჯვება და ეს გახდება საწინდარი, რომ სრულიად განეიტრალდეს ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებს ქართულ პოლიტიკაში. ეს არის მნიშვნელოვანი ქართული დემოკრატიისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.