ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის სახით გუშინ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომ გამოვიყენოთ სისხლის სამართლის ტერმინოლოგია, ის დღესაც საზოგადოებრივად საშიშია
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის სახით გუშინ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომ გამოვიყენოთ სისხლის სამართლის ტერმინოლოგია, ის დღესაც საზოგადოებრივად საშიშია

ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმისა, მას აქვს ჩადენილი წარსულში დანაშაულები, ის დღესაც, დღემდე, რომ გამოვიყენოთ სისხლის სამართლის ტერმინოლოგია არის საზოგადოებრივად საშიში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელ სასამართლო სხდომაზე საზოგადოებამ ყოფილი დიქტატორი იხილა.

„გამოვეხმაურები მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას სასამართლო სხდომათა დარბაზში, სადაც განიხილებოდა მისი მორიგი სისხლის სამართლის საქმე. გუშინდელმა გამოსვლამ ალბათ ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები „პატრიარქის შემოდგომა“. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის წლების მანძილზე ბოროტად იყენებდა. ჩვენ გვახსოვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულები და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმისა, მას აქვს ჩადენილი წარსულში დანაშაულები, ის დღესაც, დღემდე, რომ გამოვიყენოთ სისხლის სამართლის ტერმინოლოგია არის საზოგადოებრივად საშიში. ჩვენ რომ დავუშვათ თეორიულად, რა თქმა უნდა ეს ვერ მოხდებოდა, მაგრამ განეხორციელებინა ის გეგმა, რომლითაც ის ჩამოვიდა საქართველოში, ტრაილერით, მაცივრით პროდუქტებთან ერთად, მაშინ შესაცოდი იქნებოდა უკვე ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის თეორიული დაშვება. ბუნებრივია, ეს ვერ მოხდებოდა გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, მონოპოლიზაცია, ტერიტორიების გადაცემა, ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უმძიმესი დანაშაულებისა, რომლებიც ჩაიდინა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა და იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც ჰქვია ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ და რომელსაც აქვს თავისი განშტოებები დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში.

„ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი ამის განმეორებას არ იმსახურებს და ბუნებრივია ეს ყველაფერი, ეს დანაშაულები არც განმეორდება. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ცივილიზებული, ევროპული ყაიდის საზოგადოება, რომლისთვისაც არის მიუღებელი და შეუთავსებელი ის დანაშაულები, რომელსაც წინა რეჟიმი და წინა ხელისუფლება ჩადიოდა და ჩვენ ვიმსახურებთ არსებითად სხვა ტიპის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლის შემდეგ. ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა სასამართლო შენობის გარეთ. აბსოლუტურად მიუღებელი სურათი, განსაკუთრებით აქტიურობდნენ მელია-უგულავა, ორი ადამიანი, რომელიც თავის დროზე შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური შეთანხმებების შემდეგ განთავისუფლდნენ და დღეს სწორედ ისინი ცდილობენ ჩადგნენ პოლარიზაციის სათავეში. თუმცა მათი ეს მცდელობებიც რა თქმა უნდა წარუმატებლობისთვის არის განწირული და იმ სიმახინჯის სურათით, რომელიც მათ შექმნეს მოკლე დროით სასამართლოს შენობის გარეთ, ბუნებრივია ისინი ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის დღის წესრიგის ცვლილება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება, საზოგადოებას, ხალხს სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ჩვენ ასეთი განზრახვა გვქონდა უკვე არჩევნების მეორე დღიდან, თუმცა სამწუხაროდ ამ გასული ერთი თვის განმავლობაში მაინც მოახერხეს და ჩატოვეს ქვეყანა მუდმივად სააკაშვილის და ა.შ. პოლარიზაციის რეჟიმში, ძველ დღის წესრიგში, რომელსაც ისინი ცდილობენ, რომ თავს მოახვიონ საზოგადოებას, თუმცა ეს დღის წესრიგი აუცილებლად შეიცვლება და შეიცვლება ძალიან მალე და ამაში არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თითოეული პოლიტიკური პარტიის, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ვთხოვ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა დეპუტატს, რომელიც არის წარმოდგენილი პარლამენტში, რომ სათანადოდ გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრიათ მათ ქვეყნის წინაშე, ხალხის წინაშე სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების კუთხით. ჩვენ გვჭირდება პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. ყველას მოგიწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.