ირაკლი კობახიძე - გუშინ რაც ვიხილეთ, ცხადყოფს, რომ ევროპული პერსპექტივა ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ და პირიქით, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ
ირაკლი კობახიძე - გუშინ რაც ვიხილეთ, ცხადყოფს, რომ ევროპული პერსპექტივა ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ და პირიქით, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ

გუშინ რაც ვიხილეთ, ცხადყოფს, რომ ევროპული პერსპექტივა ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ და პირიქით, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ინტერესებშია, რომ საქართველომ არც დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს შეხვედრაზე განიხილებოდა დეტალები, რომელიც ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმას ეხებოდა.

„დღეს გვქონდა ნამდვილად შეხვედრა, სადაც განიხილებოდა დეტალები, რომელიც გეგმის რეალიზაციას უკავშირდება. მათ შორის კონკრეტული შეხვედრები, შესაძლო თარიღები და ასე შემდეგ დეტალურად გავიარეთ. ჩვენ ვიწყებთ უკვე ამ გეგმის აღსრულებას და ჩვენი შეთავაზებები რჩება ძალაში. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება პერსპექტივებს და დამოკიდებულებას, ოპტიმისტური, არაოპტიმისტური, ვნახოთ, ყველაფერს აჩვენებს მოვლენების განვითარება. გუშინ რაც ვიხილეთ, სამწუხაროდ ცხადყოფს იმას, რომ ევროპული პერსპექტივა ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ და პირიქით, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ. მათ ინტერესებშია აშკარად, რომ საქართველომ არც დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საწინააღმდეგო, საპირისპირო მიმართულებით. ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ და ამ ინტერესებიდან გამომდინარე გადაიდგმება ყველა ნაბიჯი 12-ვე პუნქტის შესასრულებლად. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს არაოპტიმისტური დამოკიდებულება, თუმცა ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის მიხედვით.

იმის რისკი არსებობს, რომ მათ კონსტრუქციული მონაწილეობა არ მიიღონ ამ გეგმის აღსრულებაში და ეს პუნქტები გამოიყენონ იმისთვის, რომ პირიქით, მაქსიმალურად უარყოფითი მიმართულებით წარმართონ პროცესი, რათა საქართველომ დეკემბერში არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მოტივაცია იკვეთება მათ თითოეულ ქმედებაში. შესაბამისად, რისკები არსებობს, თუმცა ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგელობის შესაბამისად.ჩვენი მიზანია, რომ საქართველომ ექვსი თვის თავზე მიიღოს კანდიდატის სტატუსი. შეიძლება, იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ იყვნენ შეკრებილი, ჰქონდეთ ზუსტად ამის საპირისპირო მიზანი, მაგრამ ჩვენ გავყვებით რა თქმა უნდა ჩვენს მიზანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძეს კითხვა დაუსვეს მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთი ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის აქციაზე გაკეთებულ გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა: „არაძალადობრივი წინააღმდეგობის არსენალში ბევრი იარაღია და ყველას გამოვიყენებთ, როგორც გამოიყენეს სერბეთში, უკრაინაში, ყველგან, სადაც დაამხეს ავტორიტარიზმი არაძალადობით“.

​როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ხალხი თუ არ გიმაგრებს ზურგს, ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობ“.

„ეს არის ის, რაშიც ეს ადამიანები დაატრენინგეს ბაკურიანში, ცნობილი აკერმანი როდესაც იყო ჩამოსული. ის არის რევოლუციების ექსპერტი, თუმცა ისინი ერთ რამეს უშვებენ მხედველობიდან. ყველაფერს სჭირდება მაინც ერთი რამ, ხალხის მხარდაჭერა. ხალხის მხარდაჭერა თუ არ გიმაგრებს ზურგს, ამ შემთხვევაში, ვერანაირი ტრენინგი ვერ გიშველის. როგორც არ უნდა დაგატრენინგოს ვიღაც ჩამოსულმა უცხოელმა იმაში, თუ როგორ უნდა მოაწყო რევოლუცია, ხალხი თუ არ გიმაგრებს ზურგს, ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობ. ამას უშვებენ მხედველობიდან და აქედან გამომდინარე, თვითონ აყენებენ საკუთარ თავს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ჩააყენეს გუშინ. არავითარი რესურსი არ აქვთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ხალხის მხარდაჭერა მათ ზურგს არ უმაგრებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.