ირაკლი კობახიძე - გუნდის ერთიანობით ვუპასუხებთ აბსოლუტურად ყველა გამოწვევას და შედეგებს ქართული საზოგადოება იხილავს
გუნდის ერთიანობით ვუპასუხებთ აბსოლუტურად ყველა გამოწვევას და შედეგებს ქართული საზოგადოება იხილავს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვინ იყო პარტიის თავმჯდომარედ მისი არჩევის ინიციატორი.
„ეს ჩვენი შიდა სამზარეულოა, მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, მაშინ ჯერ კიდევ თავმჯდომარე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი და თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით კონსულტაციებში უშუალოდ იყო ჩართული ბიძინა ივანიშვილი. ის იყო წარმმართველი ამ დისკუსიების, როგორც პარტიისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. თუმცა, საბოლოო ჯამში, პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მისი მონაწილეობის გარეშე. მას უკვე ჰქონდა დატოვებული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა, როდესაც გაიმართა პოლიტსაბჭოს შეკრება და იქ უკვე პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ჩემი დასახელების თაობაზე.
მთავარია, რომ გუნდში არის ერთიანობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – გამოწვევა არის სერიოზული, როდესაც ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს პოლიტიკას და ტოვებს პოლიტიკურ გუნდს. მაგრამ ჩვენ გუნდის ერთიანობით ვუპასუხებთ აბსოლუტურად ყველა გამოწვევას და ამის შედეგებს იხილავს ბუნებრივია ქართული საზოგადოება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარტიის დღევანდელ ყრილობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს, ასევე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს.