ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროში ცვლილებებს ახორციელებს, რაც უნდა აისახოს სტატისტიკაზე
გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროში ცვლილებებს ახორციელებს, რაც უნდა აისახოს სტატისტიკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის საპარლამენტო გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
„მოვისმინეთ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრისგან, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ახლდა. დანაშაულების გარკვეული კატეგორიებია, სადაც სტატისტიკა მზარდია. არის კატეგორიები, სადაც არის შემცირებული. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის კატეგორიები, სადაც სტატისტიკა იზრდება და ბუნებრივია, ეს საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამას სჭირდება სათანადო მუშაობა და ცვლილებები.
იცით, რომ გიორგი გახარია ამ ცვლილებებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახორციელებს მისი დანიშვნის დღიდან და საბოლოო ჯამში, ეს უნდა აისახოს სტატისტიკაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების საკითხით. კობახიძის თქმით, ზოგადად, ამაზე მსჯელობა არის საჭირო.
„რა მოხდება, კონკრეტულად როგორ შეიცვლება კანონმდებლობა, ამას ვერ გეტყვით. თუმცა, ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამსჯელო საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.