ირაკლი კობახიძე - როგორ შეიძლება, შეუერთდე იმ „ენჯეოების“ მარშს, რომლებიც პირდაპირ „დანოსებს“ აგზავნიდნენ ბრიუსელში, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო?
ირაკლი კობახიძე - როგორ შეიძლება, შეუერთდე იმ „ენჯეოების“ მარშს, რომლებიც პირდაპირ „დანოსებს“ აგზავნიდნენ ბრიუსელში, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო?

როგორ შეიძლება, შეუერთდე იმ „ენჯეოების“ მარშს, რომლებიც პირდაპირ „დანოსებს“ აგზავნიდნენ ბრიუსელში, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო? – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძეს კითხვით მიმართეს: „ცხრა დეკემბერს „ენჯეოებს“ აქვთ მარში. ისინი აცხადებენ, რომ მარში იქნება აპოლიტიკური და სურთ, ევროპას დაანახონ, როგორი ერთიანია საქართველო, როგორ უნდა საქართველოს ევროპული მომავალი. შეუერთდება თუ არა უმრავლესობა „ენჯეოების“ მიერ დაანონსებულ მარშს?“

ირაკლი კობახიძის თქმით, ვისაც საკუთარი ქვეყნის მიმართ პატივისცემა აქვს, ამ მარშს არ შეიძლება, შეუერთდეს.

„შეგახსენებთ, ესენი არიან „ენჯეოები“, რომლებიც „დანოსებს“ აგზავნიდნენ ბრიუსელში იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნოდა. გიჟი თუ არ ხარ, როგორ შეიძლება, მათ მარშს შეუერთდე? არ ვიცი, ამაზე რას იფიქრებს მარგარიტა სიმონიანი, მაგრამ გიჟი უნდა იყო, რომ ამ „ენჯეოების“ მარშს შეუერთდე. პირდაპირ „დანოსებს“ აგზავნიდნენ ბრიუსელში, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. გახსოვთ, რას აკეთებდა „სოროსის ფონდი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და ასე შემდეგ, პირდაპირ „დანოსებს“ აგზავნიდნენ ბრიუსელში. როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანების მარშს შეუერთდეს ის ადამიანი, რომელსაც ელემენტარული პატივისცემა აქვს საკუთარი ქვეყნის მიმართ?“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.