ირაკლი კობახიძე - ღიად, უხეშად როცა გიფინანსებენ ქვეყანაში მაპოლარიზებელ ორგანიზაციებს, რატომ არ უნდა დავიცვათ სახელმწიფო სუვერენიტეტი?
ირაკლი კობახიძე - ღიად, უხეშად როცა გიფინანსებენ ქვეყანაში მაპოლარიზებელ ორგანიზაციებს, რატომ არ უნდა დავიცვათ სახელმწიფო სუვერენიტეტი?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონმდებლობის მიხედვით, გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტი მოქმედებს პოლიტიკური პარტიებისთის, ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტითაა გათვალისწინებული.

როგორც კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, პარტიების ფინანსები არის გამჭვირვალე სწორედ იმისთვის, რომ არასწორი გავლენების ქვეშ არ მოექცეს ქვეყანა, დაცული იყოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი და იგივე მიზანი აქვს წარდგენილ კანონპროექტსაც.

„რაც შეეხება გამჭვირვალობის რევოლუციის პრევენციასთან კავშირს, სინამდვილეში, აქ ძალიან მარტივად არის საქმე. მაგალითად, რომ ავიღოთ იმავე პარტიების კანონმდებლობა, პოლიტიკური პარტიები ვალდებული არიან, წარადგინონ დეკლარაციები ანტიკორუფციული სამსახურის წინაშე, არა მარტო ყოველწლიურად, არამედ ბევრად ხშირად. ანუ, გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტი მოქმედებს პოლიტიკური პარტიებისთის, ვიდრე გათვალისწინებულია ამ ახალი კანონით. პარტიების გამჭვირვალობის მიზანია, არასწორი გავლენების ქვეშ არ მოექცნენ პოლიტიკური პარტიები და, შესაბამისად, არასწორი გავლენების ქვეშ არ მოექცეს პოლიტიკური სისტემა. ეს არის მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, თითქმის ყველგან პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, მათი ფინანსები არის გამჭვირვალე სწორედ იმისთვის, რომ არასწორი გავლენების ქვეშ არ მოექცეს ქვეყანა, დაცული იყოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი. აქაც ზუსტად იმავესთან გვაქვს საქმე. თუ იქნება გამჭვირვალე „ენჯეოების“ საქმიანობა, ამ შემთხვევაში, მაგალითად, კონკრეტულ დონორებს გაუჭირდებათ ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება პოლარიზაციის მიზნით, როგორებიც არის „სირცხვილია“, „დროა“ და ა.შ. გეტყვით კონკრეტულ მაგალითებს, კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ექვმედებარება ევროკავშირს, EED აფინანსებდა ამ ქვეყანაში პოლარიზაციას. კერძოდ, აფინანსებდა რეალურად პოლიტიკურ პარტია „დროას“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაპოლარიზებელი პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში, თან აფინანსებდა არა რაღაც პროექტებისთვის, არამედ პირდაპირ პარტიის აქტივისტების ხელფასებს და ოფისების ხარჯებს იხდიდა EED, რაც არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ზოგადად, კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევაა და, რაც მთავარია, პოლარიზაციის პირდაპირი დაფინანსება. ამას აკეთებდა ევროკავშირი. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება, ევროკავშირის ფონდი იხდიდეს ფულს პოლარიზაციაში, როცა, იმავდროულად, ევროკავშირი გთხოვს დეპოლარიზაციას. ასეთი მაგალითი არაერთია. არის „სირცხვილიას“ მაგალითი, იყო შემთხვევები, როდესაც არჩევნების არალეგიტიმურად წარმოჩენის კამპანიას პირდაპირ აფინანსებდა კონკრეტული უცხოური ფონდი, ორგანიზაცია.

როდესაც რაღაც არ არის გამჭვირვალე, იქ არის რისკები. პარტიების შემთხვევაში, საზოგადოებისთვის არის გამჭვირვალე პარტიების დაფინანსება. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას შეუძლია, ჩაიხედოს, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ პარტიას და, შესაბამისად, რა გავლენებს ექვემდებარება შესაბამისი სუბიექტი ამ ქვეყანაში. აქაც „ენჯეოების“ გამჭვირვალობის მთავარი მიზანი არის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ, მაგალითად, EED-ს ავუკრძალოთ „დროას“ ან „სირცხვილიას“ დაფინანსება. ამას კანონი არ ამბობს. კანონი ამბობს ერთადერთ რამეს, საზოგადოებისთვის უნდა იყოს გამჭვირვალე ეს ყველაფერი და საზოგადოება რომ დაინახავს, ცუდი რაღაცები ფინანსდება ამ ქვეყანაში, მაგალითად, ამ კონკრეტული ფონდიდან, ამ შემთხვევაში, EED-ს, კონკრეტულ ფონდს აღარ ექნება მოტივაცია, ეს ცუდი რაღაც დააფინანსოს. ესაა გამჭვირვალობის მთავარი მიზანი, ამოცანა, რაც არის უბრალოდ კლასიკა, ამას ემსახურება კანონი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავდროულად, პრემიერის შეფასებით, სპეკულაციაა საუბარი იმის თაობაზე, თითქოს აღნიშნული კანონპროექტი ერთ სიბრტყეზე აყენებს მტერს და მოყვარეს.

„რაც შეეხება იმას, აყენებს თუ არა ეს კანონი ერთ სიბრტყეზე მტერს და მოყვარეს, ეს არის იმხელა სამარცხვინო, მარტივი სპეკულაცია, რომ ასეთი მეორე ვერ წარმომიდგენია. ვიმეორებ, არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, ამ კანონის მიხედვით, პარტიის დაფინანსება აკრძალულია ნებისმიერი ქვეყნისგან, იქნება ეს რუსეთი, ამერიკა, ევროპა, აფრიკა თუ ავსტრალია. ნებისმიერი ქვეყნიდან და კონტინეტიდან არის აკრძალული პარტიის დაფინანსება. ზუსტად იგივე სპეკულაციური მიმართულებით თქვენ შეგიძლიათ, დაამტკიცოთ, რომ პარტიების კანონი მთელი ამ წლების განმავლობაში ერთ სიბრტყეზე აყენებდა მტერს და მოყვარეს. ეს ხომ უმარტივესი სამარცხვინო სპეკულაციაა. არის პარტიების შესახებ კანონი, რომელიც ერთ სიბრტყეზე აყენებს ყველა ქვეყანას, შესაბამისად, რაზეც მიდიოდა საუბარი მთელი ამ ხნის განმავლობაში, თითქოს ეს ნიშნავს ევროკავშირის ან ამერიკის მტრად გამოცხადებას, არის ცარიელი სიყალბე. წლებია, საქართველოში უკვე მოქმედებს პარტიების შესახებ კანონი, რომელიც ამბობს, რომ, მაგალითად, ამერიკას, ევროპას ეკრძალება საქართველოში პარტიების დაფინანსება. არათუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, საერთოდ ეკრძალებათ პარტიების დაფინანსება. ეს ნიშნავს, რომ ამერიკა არის მტრად გამოცხადებული პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონით, რომელიც, თუ არ ვცდები, 1997 წელს არის მიღებული და იქიდან მოქმედებს, არავის შეუცვლია? სამარცხვინო სპეკულაციაა“, – განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა იმის შესახებ, რომ პრორუსული პარტიები და საარჩევნო სუბიექტები 2013-2014 წლებში საქართველოში თუ იღებდნენ ხმების 20 პროცენტზე მეტს, ახლა 2-3 პროცენტს იღებენ.

„რაც შეეცხება საფრთხეებს, საიდანაც მეტი საფრთხე მოდის, იქ კიდევ უფრო მეტად ვმუშაობთ და ამის შედეგი არის ის, რომ თუ, მაგალითად, საუბარი გაქვთ ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი, პრორუსული პარტიები და საარჩევნო სუბიექტები 2013-14 წლებში ამ ქვეყანაში თუ იღებდნენ ხმების 20 პროცენტზე მეტს, ახლა იღებენ 2-3 პროცენტს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მიმართულებებით არ უნდა ვიზრუნოთ სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაზე. როცა გიფინანსებენ ღიად, უხეშად ამ ქვეყანაში მაპოლარიზებელ ორგანიზაციებს, იქ რატომ არ უნდა დავიცვათ სახელმწიფო სუვერენიტეტი, იქ არ არის დასაცავი სახელმწიფო სუვერენიტეტი? ნებისმიერი კანონი, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას ერთ სიბრტყეზე უნდა აყენებდეს. სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული, იმიტომ ჰქვია ამ ქვეყანას დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ მან საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას ყველა მიმართულებით. ჩვენ თუ თავიდან ავიცილებთ რევოლუციური პროცესების თუნდაც გონებაში გავლებას, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს ევროინტეგრაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.