ირაკლი კობახიძე - გეოგრაფიასთან დაკავშირებული რიტორიკა ძალიან სამწუხაროა, რადგან ამან შეიძლება, დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი და ხვალ შეაფერხოს წევრობა
ირაკლი კობახიძე - გეოგრაფიასთან დაკავშირებული რიტორიკა ძალიან სამწუხაროა, რადგან ამან შეიძლება, დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი და ხვალ შეაფერხოს წევრობა

ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლით, არის გეოგრაფია, როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი, ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რაზე მიანიშნებს ემანუელ მაკრონის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სხვა გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ სივრცეშია, რატომ აღარ ახსენებენ ევროპელი ლიდერები საქართველოს უკრაინა-მოლდოვასთან ერთად და ხომ არ ჩნდება „ასოცირებული ტრიოს“ დაშლის საფრთხე ბოლოდროინდელი გზავნილების გათვალისწინებით, კობახიძემ აღნიშნა, რომ 2005 წელს, როცა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სქემა იქმნებოდა, საქართველოს თავდაპირველად, სწორედ გეოგრაფიული მოტივით ეთქვა უარი, თუმცა შემდეგ საქართველო გახდა ამ სქემის შემადგენელი ნაწილი.

„სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც წამოვიდა ეს რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა. იმიტომ, რომ ამან შეიძლება, დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი და ხვალ შეაფერხოს წევრობა. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია და როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი, ეს არის ძალიან სამწუხარო და ალბათ, მძიმე მოსასმენია საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ გეოგრაფია არის არა ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ, არამედ ის, რაც ჩვეულებრივი ფიზიკური მოცემულობაა და ამაზე მინიშნება ძალიან მძიმეა, რადგან ხვალ შეიძლება, იგივე ვიღაცამ წევრობაზე თქვას, როცა საქმე-საქმეზე მიდგება. არ ვიცი, ეს რატომ გახდა ასეთი აქტუალური. მე არ ვიცი, ამის ახსნა გამიჭირდება. უნდა ვკითხოთ თვითონ ამ რიტორიკის ავტორებს. შეიძლება, მათ აქვთ რაღაც ობიექტური კრიტერიუმები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.