ირაკლი კობახიძე – გასული ხუთი წლის განმავლობაში წლიურად გვქონდა 9,3% საშუალო ეკონომიკური ზრდა, ეს მოვახერხეთ რევოლუციის ხუთი მცდელობის ფონზე, ე.წ. ოპოზიციას ქვეყნის მიმართ სხვანაირი მიდგომა რომ ჰქონოდა, მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნებოდა

16:33, 26.06.2026

გასული ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა 9,3% საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიურად. ეს ყველაფერი მოვახერხეთ რევოლუციის ხუთი მცდელობის ფონზე. ე.წ. ოპოზიციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ სხვანაირი მიდგომა რომ ყოფილიყო, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად, მოახერხეს გამოწვევების დაძლევა, ქვეყნის დამშვიდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამაში განსაკუთრებული წვლილი ჰქონდა პარლამენტს.

„მთლიანობაში, ჩვენ გასული წლის განმავლობაში მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. გამოვიარეთ ძალიან რთული რამდენიმე წელიწადი, ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში გვქონდა რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, საიდანაც ოთხი იყო ძალადობრივი. ასეთი რთული პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ ვსაუბრობდით ეკონომიკურ წინსვლაზე. გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა 9,3% საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიურად. ეს ყველაფერი მოვახერხეთ რევოლუციის ხუთი მცდელობის ფონზე. წარმოიდგინეთ, ე.წ. ოპოზიციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ სხვანაირი მიდგომა რომ ყოფილიყო, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, თუმცა ეს არის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ გამოწვევების დაძლევა და ქვეყნის დამშვიდება. ამაში პარლამენტს ჰქონდა განსაკუთრებული წვლილი, განსაკუთრებით იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა გასული წლების განმავლობაში. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი „გამჭვირვალობის“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე. ეს იყო ზუსტად ის კანონები, რომლებმაც მოგვცა ვითარების დამშვიდების საშუალება. თქვენ იცით, რას ხმარდებოდა უცხოური გრანტები, ე.წ. ენჯეოებზე გაცემული გრანტები. ხმარდებოდა ზუსტად რომ ქვეყნის არევას, თავდასხმას სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მართლმადიდებელ ეკლესიაზე, საბოტაჟის მცდელობას და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, „გამჭვირვალობის კანონმა“ მოგცა ვითარების რადიკალურად შეცვლის საშუალება. მახსოვს, თითოეულმა თქვენგანმა როგორი პროცესები გამოიარეთ თავის დროზე, რამხელა შეურაცხყოფის, უსამართლობის ატანა მოგიწიათ, მაგრამ მაშინ გუნდის თითოეული წევრი, თითოეული პარლამენტარი დადგა მოწოდების სიმაღლეზე. სხვანაირად, ასეთი ბრძოლის გარეშე შედეგები ვერ მიიღწევა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ პრინციპულობისა და სიმართლის ბოლომდე გატანისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი