ირაკლი კობახიძე განმარტავს, 19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულება ჯერ არ დაწყებულა ან არ დასრულებულა
ირაკლი კობახიძე განმარტავს, 19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულება ჯერ არ დაწყებულა ან არ დასრულებულა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

კობახიძემ განმარტა, 19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულება ჯერ არ დაწყებულა ან არ დასრულებულა.

„19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულება ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა. განვმარტავთ თითოეულს:

ჩვენ ჯერ კიდევ 19 აპრილამდე, ვიდრე დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა, განვაცხადეთ, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განხორციელდებოდა.

შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება: სასამართლო რეფორმა მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება, ხოლო ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, სიღრმისეულად განიხილება და მიიღება;

შემოდგომაზე დასრულდება ამნისტიის შესახებ კანონის მიღება; ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე, განაწილდება საპარლამენტო თანამდებობები იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას დაამტკიცებენ.

რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხს, უპირველეს ყოვლისა, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და „ქართული ოცნება“ ამას მხოლოდ მხარს უჭერს და მიესალმება. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.