ირაკლი კობახიძე - გამუდმებული შანტაჟი შეურაცხყოფს ჩვენს საზოგადოებას და აზიანებს ევროკავშირის რეპუტაციას, ამიტომ მიგვაჩნია, რომ შანტაჟის მთავარი ინსტრუმენტების განეიტრალებას ალტერნატივა არ აქვს
ირაკლი კობახიძე - გამუდმებული შანტაჟი შეურაცხყოფს ჩვენს საზოგადოებას და აზიანებს ევროკავშირის რეპუტაციას, ამიტომ მიგვაჩნია, რომ შანტაჟის მთავარი ინსტრუმენტების განეიტრალებას ალტერნატივა არ აქვს

გამუდმებული შანტაჟი ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნის საკითხით და ხან საბიუჯეტო დაფინანსებით შეურაცხყოფს ჩვენს საზოგადოებას, აზიანებს ევროკავშირის რეპუტაციას. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ შანტაჟის მთავარი ინსტრუმენტების განეიტრალებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამ საკითხებს ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვეღარავინ გამოიყენებს.

„მინდა, გამოვეხმაურო გუშინ განვითარებულ მოვლენებს. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მმართველი პარტიის სახელით გაიმართა ბრიფინგი, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ტრადიციული ევროპული ფასეულობებისა და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზაობა, 2028 წლისთვის შევასრულოთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი. სწორედ აღნიშნული ვალდებულებების შესრულება არის გზა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისკენ. გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საზოგადოებას, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. იმავდროულად, გავახმოვანეთ ჩვენი გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარი ვთქვით ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. კიდევ ერთხელ გვინდა, განვმარტოთ, რომ მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში.

ამის საუკეთესო დასტურია მონტენეგრო და სერბეთი, რომლებსაც მოლაპარაკებები 2012 და 2014 წელს გაუხსნეს, თუმცა ამას ევროკავშირში მათი გაწევრიანება ოდნავადაც არ დაუჩქარებია. ამის საუკეთესო მაგალითია, ასევე, თურქეთიც, რომელსაც მოლაპარაკებები 2005 წელს გაუხსნეს, თუმცა 2016 წელს საერთოდ შეუწყვიტეს. ამ ფონზე მით უფრო მიუღებელია, რომ სრულიად არაფრის მომცემი მოლაპარაკების გახსნის საკითხი ჩვენი ქვეყნის შანტაჟისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად გამოიყენება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან დროებით მოხსნას ექნება ერთადერთი პრაქტიკული შედეგი. ამ საკითხს ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვეღარავინ გამოიყენებს. იგივე ეხება უარს საბიუჯეტო გრანტებზე. ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტები, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტის დაახლოებით 0.2 პროცენტს შეადგენს, ბოლო პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა ჩვენი ქვეყნის დასაშანტაჟებლად. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაფინანსების თემა არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მცდელობისთვისაც იქნა გამოყენებული. ამ ფონზე საბიუჯეტო გრანტებზე უარსაც ერთადერთი პრაქტიკული შედეგი ექნება – ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვერც ამ საკითხს ვეღარავინ გამოიყენებს.

კიდევ ერთხელ გვინდა, აღვნიშნოთ, რომ გამუდმებული შანტაჟი ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნის საკითხით და ხან საბიუჯეტო დაფინანსებით შეურაცხყოფს ჩვენს საზოგადოებას, აზიანებს ევროკავშირის რეპუტაციას. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ შანტაჟის მთავარი ინსტრუმენტების განეიტრალებას არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა და არავითარი ალტერნატივა არ აქვს. ჩვენს გადაწყვეტილებას მოჰყვა დეზინფორმაციული კამპანია სიცრუის მთავარი გამავრცელებლების – რადიკალური ოპოზიციის, მასთან დაკავშირებული „ენჯეოების“ და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან. მათ საზოგადოებას უთხრეს ტყუილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.