ირაკლი კობახიძე - გამოწვევა არის სერიოზული მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, თუმცა ჩვენი გუნდის ერთიანობით შესაძლებელია ყველა გამოწვევაზე პასუხი
ირაკლი კობახიძე - გამოწვევა არის სერიოზული მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, თუმცა ჩვენი გუნდის ერთიანობით შესაძლებელია ყველა გამოწვევაზე პასუხი

გამოწვევა არის სერიოზული მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, თუმცა ჩვენი გუნდის ერთიანობით შესაძლებელია ჩვენი პოლიტიკური გუნდისა და ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა გამოწვევაზე პასუხი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯომარედ არჩეულმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ყრილობის დელეგატებს გამოცხადებული ნდობისთვის.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობდა დღევანდელ ყრილობაში, პოლიტსაბჭოს, რომელმაც წარმადგინა მე თავმჯდომარეობის კანდიდატად და თითოეულ დელეგატს, რომელმაც დაუჭირა მხარი ჩემს კანდიდატურას. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს ნდობა გავამართლო. რა თქმა უნდა, გამოწვევა არის სერიოზული მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, თუმცა ჩვენი გუნდის ერთიანობით შესაძლებელია ყველა იმ გამოწვევაზე პასუხი, რომელიც დგას ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე და ჩვენი ქვეყნის წინაშე. არის რა თქვა უნდა მდგომარეობა, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, რომელიც დაკავშირებულია ბევრ სირთულესთან, აქედან გამომდინარე, გუნდს მართებს ყოველდღიური მუშაობა, რათა ყველა ეს გამოწვევა იყოს დაძლეული. მე პირადად, ჩემი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის.

პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ერთხმად ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით და ასევე ყრილობამაც ერთხმად მიიღო ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. არის შესანიშნავი ურთიერთობები ჩამოყალიბებული გუნდის შიგნით, არის ძალიან მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბებული პოლიტიკის მიღმა პარტიის ლიდერებს შორის და მე მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ მეგობრობისთვის, თანადგომისთვის, გვერდში დგომისთვის და რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდანაც იქნება ზუსტად იგივე პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.