ირაკლი კობახიძე - გამოვიდნენ და კაცურად დააწესონ სანქციები, პირდაპირ თქვან, საზოგადოებაც კარგად გაიგებს, რას ითხოვენ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილისგან
ირაკლი კობახიძე - გამოვიდნენ და კაცურად დააწესონ სანქციები, პირდაპირ თქვან, საზოგადოებაც კარგად გაიგებს, რას ითხოვენ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილისგან

სანქციებზე საუბარი მუდმივად ისმის. ხან უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს, ხან EPP, ხან ევროპარლამენტში ემუქრებიან. გამოვიდნენ და კაცურად დააწესონ ეს სანქციები, პირდაპირ თქვან, საზოგადოებაც უფრო კარგად გაიგებს ამ შემთხვევაში, რას ითხოვენ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში,გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა თავად განაცხადა, რომ მის მიმართ არაფორმალური სანქციები მოქმედებს.

„ბიძინა ივანიშვილმა თავადაც განაცხადა, თავის წერილში, რომ მის მიმართ არაფორმალური სანქციები მოქმედებს. მისგან ელიან რაღაცას და იმის გამო, რომ ამ რაღაცას არ აკეთებს, ანუ არ ბრუნდება მისი ნების წინააღმდეგ პოლიტიკაში რაღაცის გასაკეთებლად, ამის გამო მიდის მასზე შანტაჟი არაფორმალური მეთოდებით, ანუ მოქმედებს ერთგვარი არაფორმალური სანქციები. მას გაჩერებული აქვს თანხები შვეიცარიაში. როცა მოდის მერე მუქარა, გამოვიდნენ და კაცურად დააწესონ ეს სანქციები, პირდაპირ თქვან, საზოგადოებაც უფრო კარგად გაიგებს ამ შემთხვევაში, რას ითხოვენ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათი მთავარი ამოცანა არის შანტაჟი და ამიტომ ემუქრებიან მუდმივად ბიძინა ივანიშვილს. მისივე თქმით, შანტაჟი ემსახურება მეორე ფრონტის გახსნას, რაც არ დამალეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

„როცა რაღაც გინდა, ასე ირიბად კი არ უნდა წახვიდე შანტაჟზე, გამოდი და თქვი პირდაპირ, რა გინდა. მათ შორის, გამოიყენე შესაბამისი მეთოდები ამისთვის. აქ მთავარი რა არის, როცა სანქცია უკვე დაწესებული გაქვს, იქ შანტაჟი ძალას კარგავს. სასჯელი თუ უკვე აღასრულე, რაღა აზრი აქვს შანტაჟს? ანუ, შანტაჟი ეფექტურია მაშინ, როდესაც ემუქრები ადამიანს სასჯელით. სასჯელი უკვე თუ დააწესე, შანტაჟი არაეფექტური ხდება. ამიტომ ემუქრებიან მუდმივად ბიძინა ივანიშვილს, რომ მთავარი ამოცანა არის შანტაჟი. უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირდაპირ თქვეს, რაც არის ამ შანტაჟის მიზანი. ერთი ხელით თქვეს, რომ მუშაობენ სანქციების დაწესებაზე და მეორე ხელით, იქვე მოითხოვეს მეორე ფრონტის გახსნა. მათ პრაქტიკულად პირდაპირ თქვეს, საზოგადოებამ დაინახა ეს ლოგიკური კავშირი, როცა ერთი ხელით გემუქრებიან სანქციებით და მეორე ხელით ითხოვენ მეორე ფრონტს ერთი და იგივე ადამიანები, ეს უკვე ნათელს ხდის ყველაფერს, ანუ, რას ემსახურება შანტაჟი. შანტაჟი ემსახურება მეორე ფრონტის გახსნას, რაც არ დამალეს რეალურად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ასევე შეგახსენებთ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, მან თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პასუხი კითხვაზე – „ომი გინდათ? ეს მან პირდაპირ თქვა. პირდაპირ დაუკავშირა კანდიდატის სტატუსის არმინიჭება მეორე ფრონტის არგახსნას, რაც ბუნებრივია, ნათელს ჰფენს ყველაფერს. ეს იყო წამოცდენა. მანამდე ხატია დეკანოიძესაც ჰქონდა წამოცდენა, სხვებსაც. ხანდახან მათ უჭირთ იმის დამალვა, რაც სინამდვილეში ამოძრავებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.