ირაკლი კობახიძე – გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული წესით ტარდება არჩევნები, გარკვეული პროცედურების გამარტივება იყო შესაძლებელი და კანონმდებლობა ზუსტად ამას ითვალისწინებს

13:33, 05.11.2026

გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული წესით ტარდება არჩევნები, გარკვეული პროცედურების გამარტივება იყო შესაძლებელი და კანონმდებლობა ზუსტად ამას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არაფერი იზღუდება, შესაბამისად, ყველა უბნის ოქმის გასაჩივრება შესაძლებელია.

„არაფერი იზღუდება. ყველა უბნის ოქმი, შეიძლება, გასაჩივრდეს. დანარჩენი უბრალოდ ზუსტდება იქიდან გამომდინარე, რომ შემოვიდა პრაქტიკაში ელექტრონული აპარატურა. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული წესით ტარდება არჩევნები, გარკვეული პროცედურების გამარტივება იყო შესაძლებელი და კანონმდებლობა ზუსტად ამას ითვალისწინებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: „კეთდება განცხადებები, რომ ეს ძალიან საშიში კანონპროექტია. დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობამაც“ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება“, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ „ეს აბსურდია“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – ასეთი ორგანიზაცია მე არ ვიცი. ამას შეიძლება, ნაციონალური ბუნდოვანება ვუწოდოთ, ვიდრე საერთაშორისო გამჭვირვალობა“, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის საპასუხოდ, ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომ „ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ძალიან აქტიურად იცავდა ადამიანის უფლებებს“.

„ტყუილია. საერთაშორისო გამჭვირვალობა მაშინ იყო ერთგვარი ფოთოლი „ნაცმოძრაობის“ სხეულზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი