ირაკლი კობახიძე - გახარიას აქვს იგივე მიზანი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ „ქართული ოცნება“ რამენაირად დააახლოვოს 43 პროცენტს, ყოველდღე მძაფრდება ეჭვები ორ პოლიტიკოსს შორის ალიანსზე
ირაკლი კობახიძე - გახარიას აქვს იგივე მიზანი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ „ქართული ოცნება“ რამენაირად დააახლოვოს 43 პროცენტს, ყოველდღე მძაფრდება ეჭვები ორ პოლიტიკოსს შორის ალიანსზე

ყოველდღე მძაფრდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ორ პოლიტიკოსს შორის კონკრეტული ალიანსია ჩამოყალიბებული, რაც მეტად გაამძაფრა სასტუმროში ამ ე.წ. დამთხვევამ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„მორწმუნეებს შეიძლება, სჯეროდეთ, რომ ის ორი-სამი დღეც იყო დამთხვევა და მათი სასტუმროში ერთად ყოფნა დამთხვევა, მაგრამ ჩვენ შეიძლება, გვეჯეროდეს სხვა რამის. ყოველდღე მძაფრდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ალიანსია ჩამოყალიბებული ორ პოლიტიკოსს შორის და ეს მეტად გაამძაფრა ამ ე.წ. დამთხვევამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილთან თანამშრომლობის მოტივზე გარკვეული ინფორმაცია აქვთ, თუმცა ამაზე დეტალურად მას შემდეგ ისაუბრებს, რაც ინფორმაციას დააზუსტებენ.

„შეიძლება, მოტივი იყოს სხვადასხვა და ამასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციაც გვაქვს, მაგრამ არ გვინდა, ჭორაობაში შევიდეთ. შეიძლება, მაგალითად, იყოს ამ თანამშრომლობის მერკანტილური მოტივები და მიზეზები, შეიძლება, იყოს სხვა მიზეზებიც, მაგრამ მარტივად რომ გავაანალიზოთ – არის თვითმმართველობის არჩევნები. ყველამ ვიცით, რომ ორნიშნა შედეგს და მიახლოებულს გახარია ვერ აიღებს. შემოდის იმისთვის, რომ რამდენიმე საკრებულოში ორი-სამი კაცი გაიყვანოს? ხომ ძალიან ნათელია, რომ პირდაპირ შემოდის იგივე მიზნით, რაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ „ქართული ოცნება“ რამენაირად დააახლოვოს 43 პროცენტს. ძალიან მარტივად იკვეთება ინტერესები და ამ ინტერესების უკან რა შეიძლება იდგეს, შეიძლება გვქონდეს ჩვენი ინფორმაცია. როცა დავაზუსტებთ ამ ინფორმაციას, შემდეგ დეტალურად ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძის თქმით, „გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი აქტიურად არის დაწყებული, მიმდინარეობს და აუცილებლად ბოლომდე იქნება  მიყვანილი“.