ირაკლი კობახიძე – გახარია თავს ვერ გაიმართლებს, მით უმეტეს, საზოგადოებისთვის აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს
გახარია თავს ვერ გაიმართლებს, მით უმეტეს, აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული ფართო საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანებას შეეხებოდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს, ვინაიდან შინაგან საქმეთა მინისტრს ექვემდებარებოდა მთლიანად საპოლიციო ძალები და გახარიას ახლა გამოსავალი არ აქვს, იმდენად ჩიხურ სიტუაციაშია შესული.
„აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს, შინაგან საქმეთა მინისტრს ექვემდებარებოდა მთლიანად საპოლიციო ძალები და შესაბამისად, მინისტრსა და მის ქვემდგომებს ემორჩილებოდნენ, ბუნებრივია, მაშინ პოლიციელები, რომლებიც იღებდნენ ბრძანებებს და ამ ბრძანებებს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ. წარმოიდგინეთ, რომ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი და თქვენს მაგივრად ვიღაცამ მიიღო გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა ადამიანებისთვის ასეთი მძიმე ზიანი. ვიღაცა თავზე გადაგახტათ ამ დონეზე და მერე რჩებით თანამდებობაზე, მერე იღებთ დაწინაურებას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ხომ გასაგებია აქ რასთანაც გვაქვს საქმე. გამოსავალი არ აქვს გახარიას, ანუ იმდენად მძიმე მდგომარეობასა და ჩიხურ სიტუაციაშია შესული, რომ არავითარი გასასვლელი არ აქვს ამ მძიმე მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, ის თავს ვერ გაიმართლებს, მით უმეტეს, რომ აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული ფართო საზოგადოებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.