ირაკლი კობახიძე - „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში მიკერძოებულია, რასაც, თავის მხრივ, მიკერძოებული ორგანიზაციებიდან მიწოდებული ინფორმაცია განაპირობებს
„ფრიდომ ჰაუსის“ საბოლოო ანგარიში აშკარად მიკერძოებულია და ამის მიზეზი არის იმ ორგანიზაციების მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია, რომლებიც, თავის მხრივ, მიკერძოებულნი არიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, სასამართლოსა და მედიაში არსებულ ვითარებას საზოგადოება საკუთარი თვალით ხედავს.
„ეს სამწუხარო რეალობაა. თუმცა, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. საზოგადოება ხედავს იმას, რომ სასამართლო სისტემის კუთხით რადიკალური გაუმჯობესება გვაქვს. ამ მიმართულებითაც 2012 წლამდე იუსტიციის სამინისტრო სრულად აკონტროლებდა სასამართლო სისტემას. სასამართლო სისტემა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის განხორციელების, რეკეტისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი იყო. ეს ვითარება 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეცვლილია. აქედან გამომდინარე, ერთია ანგარიშები და დასკვნები, მეორეა ის, რასაც საზოგადოება სასამართლოსა და მედიაპლურალიზმის სფეროში თვალნათლივ ხედავს, ნებისმიერ სხვა სფეროში, რომელიც ჩვენს დემოკრატიულ განვითარებასთანაა დაკავშირებული“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში მედია პლურალისტურია, რაც დღევანდელი ხელისუფლების მიღწევაა და მმართველი გუნდი ამ მიღწევის შენარჩუნება-განმტკიცებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„მე არამგონია ვინმე ეთანხმებოდეს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მედიაპლურალიზმის კუთხით არაფერი შეცვლილა. 2012 წლამდე სრული მონოპოლია იყო და დღეს არამხოლოდ დემონოპოლიზებული სისტემა, არამედ უფრო მეტიც, ხელისუფლების მიმართ არსებითად კრიტიკული მედიაა. ჩვენ კარგად ვხედავთ თუ რა ვითარებაა საქართველოში მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით. 2012 წლის შემდეგ ამ მიმართულებით ვითარება რადიკალურად გაუმჯობესებულია. მაშინ მედია სივრცე მაშინდელი ხელისუფლების მიერ სრულად მონოპოლიზებული იყო. დღეს გარემო აბსოლუტურად პლურალისტურია და მედიაპლურალიზმი უზრუნველყოფილია. ეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა და შესაბამისად ყველაფერი გაკეთდება, რათა ჩვენ ეს მიღწევა არამხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ. ეს ჩვენი სულისკვეთებაა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.