ირაკლი კობახიძე - ფიქტიური, ერთკაციანი პარტიები არიან, რომელთაც არჩევნებში 0,67 პროცენტის აღების შანსი არ აქვთ და მათი ინტერესია, ივაჭრონ
ირაკლი კობახიძე - ფიქტიური, ერთკაციანი პარტიები არიან, რომელთაც არჩევნებში 0,67 პროცენტის აღების შანსი არ აქვთ და მათი ინტერესია, ივაჭრონ

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებული სარეკლამო რგოლის 25 პროცენტი შეიძლება, კრიტიკას ეხებოდეს, მაგრამ 75 პროცენტი ქვეყნის მომავალ განვითარებაზე პარტიის ხედვის წარმოჩენას უნდა დაეთმოს.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძემ სამუშაო ჯგუფის ორდღიანი მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ახალი რეგულაციები შემოაქვს როგორც უფასო, ასევე ფასიან რეკლამასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოპონენტების მხრიდან საუბარია სიძულვილის ენასთან დაკავშირებით მომზადებულ რეგულაციებზე, რაც ეუთო-ს რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.

ოდირი“ გვირჩევს, რომ შესაბამისი რეგულაციები შევქმნათ იმისათვის, რომ სააგიტაციო მასალაში სიძულვილის ენა არ მოხდეს. მეორე რეგულაცია იმას ემსახურება, რომ არ განმეორდეს ის, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცუდად გვახსოვს. გახსოვთ, რომ საარჩევნო კლიპების 2/3-ზე მეტი დათმობილი იყო ნეგატივსა და შეურაცხყოფაზე. გვინდა, რომ საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყოს ხედვაზე, პროგრამასა და იმ დაპირებებზე, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების მიერ. კრიტიკა ვერ შეიზღუდება“, – აცხადებს დეპუტატი.

ირაკლი კობახიძე იმ რეგულაციასაც ეხმაურება, რომლის გათვალისწინებით, კვალიფიციურ სუბიექტს უფლება არ ექნება, საკუთარი საეთერო დრო სხვა პარტიას დაუთმოს.

„კიდევ ერთი მომენტია ყურადსაღები. ის, რომ არიან ფიქტიური, ერთკაციანი პარტიები, რომელთაც არჩევნებში 0,67 პროცენტის აღების შანსი არ აქვთ და მათი ინტერესია, რომ ივაჭრონ, როგორც წარსულში ხდებოდა საკმაოდ დიდი რესურსით. საუბარია მილიონიან რესურსზე. როცა ერთკაციანი პარტია ხარ, შეიძლება, მილიონიანი რესურსი გაყიდო, რაც წარსულში ხშირად ხდებოდა. ეს ინტერესი არის. შედარებით დიდ პარტიებს სატელიტი პარტიები ჰყავთ, რომლებიც თავის თავს რეკლამას ვერ გაუწევენ, მაგრამ ინტერესი აქვთ, სარეკლამო დრო ან მსხვილ პარტიას გადასცენ, ან ნეგატივს დაუთმონ ოპონენტის წინააღმდეგ. ეს ცვლილებები იმას უზრუნველყოფს, რომ სარეკლამო დროის გადანაწილება და შესაბამისი შინაარსის განსაზღვრა მოხდეს“, – აცხადებს კობახიძე.

საარჩევნო თემატიკაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა დღეს დასრულდა. ამ ფორმატში მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები წარუდგინა. პროექტით იცვლება პარტიების დაფინანსების წესი, სარეკლამო დრო ახლებურად ნაწილდება. ასევე, ანტირეკლამის განთავსებაზე ახალი რეგულაციები წესდება. ამას გარდა, მაუწყებლებს ეკრძალებათ ტელეეთერში ისეთი წინასაარჩევნო რგოლის განთავსება, რომლის შინაარსი საქართველოს კანონმდებლობას აშკარად ეწინააღმდეგება. მმართველი გუნდი აღნიშნული პროექტის ინიცირებას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.