ირაკლი კობახიძე - ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, 4 წლის განმავლობაში საშუალო ზრდა გვქონდა დაახლოებით 9,5%
ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, 4 წლის განმავლობაში საშუალო ზრდა გვქონდა დაახლოებით 9,5 პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, იანვარში 11,1 პროცენტი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
„რაც შეეხება ეკონომიკას, ჩვენ იანვარში გვქონდა 11,1 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი წინასწარი პროგნოზი არის, სულ მცირე, ექვსი პროცენტი, თუმცა, იცით, რომ ბიუჯეტში ასახულ მაჩვენებელს ყოველთვის მნიშვნელოვნად ვასწრებთ ხოლმე. შესაბამისად, წელსაც ველოდებით, რომ 6-პროცენტიან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გავასწრებთ. ეკონომიკურ კრიზისს ხედავთ, გერმანიას ზედიზედ ორი წელი აქვს რეცესია, ეკონომიკური ვარდნა. 11 პროცენტის პირობებში რომ ლაპარაკობ ეკონომიკურ კრიზისზე, როცა გერმანიას აქვს ზედიზედ ორი წელი ეკონომიკური ვარდნა, არ ვიცი. პირველ ადგილზე ვართ ფართო რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის 4-წლიანი მაჩვენებლით. საშუალო ზრდა გვქონდა ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 9,5 პროცენტი“, – განაცხადა პრემიერმა.