ირაკლი კობახიძე – ფაქტები დაიდო, USAID-ი რას აკეთებდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, როგორ ქმნიდა ქსელებს, მათ შორის ცესკო-ს გასაშავებლად, პირდაპირ იყვნენ ჩართული PVT-ის გაყალბებაში

22:20, 28.11.2026

ფაქტები დაიდო პირდაპირ ამასთან დაკავშირებით, USAID-ი რას აკეთებდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში: როგორ ქმნიდა ქსელებს, მათ შორის ცესკოს გასაშავებლად,  ადამიანური რესურსების შესაქმნელად. პირდაპირ იყვნენ ჩართული „პივიტის“გაყალბებაში — პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბებაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ.

„პირდაპირ იყო ჩართული USAID-ი ამ გაყალბებული შედეგების დამალვაში, რაც შემდეგ ISFED-ის ხელმძღვანელმაც აღიარა. პირდაპირ თქვა, რომ USAID-მა იცოდა ბევრად უფრო ადრე, აღიარებამდე, PVT-ის გაყალბების თაობაზე. ამ დროს ჩვენს თანაგუნდელებს ჰქონდათ კომუნიკაცია USAID-ის შესაბამის თანამდებობის პირთან, რომელიც თავხედურად გვეუბნებოდა, რომ ჩვენ ყურადღება უნდა მიგვექცია PVT-ის ამ გაყალბებული შედეგებისთვის და ამის საფუძველზე დასკვნები უნდა გამოგვეტანა და ნაბიჯები უნდა გადაგვედგა. აი, ეს არის USAID-ის მონაწილეობა რევოლუციურ პროცესებში. რაც შეეხება USAID-ის კიდევ ერთ მონაწილეობას და შესაბამისი სუბიექტების მონაწილეობას — აქ USAID-ი კონკრეტულად არ იყო გამოკვეთილი, მაგრამ ახლოს იყვნენ ის ადამიანები, ვინც იყვნენ 2022 წლის აპრილში, როდესაც ბაკურიანში შედგა ცნობილი შეკრება, სადაც დაიგეგმა კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ რევოლუციური პროცესები, იქ USAID-თან ძალიან ახლოს მდგომი ადამიანები ჩავიდნენ და ამაგრებდნენ ამ რადიკალებს: NGO-ებს, პარტიებს და მათ მედიასაშუალებებს. პირდაპირ მონაწილეობდნენ ეს ადამიანები ტრენინგში, ცნობილ აკერმანის ტრენინგში, რომელიც ეძღვნებოდა სწორედ ხელისუფლების დამხობას. აი, ეს იყო პირდაპირ მათი მონაწილეობა რევოლუციურ პროცესებში. ესეც სცადეს, ისეც სცადეს, არაფერი არ გამოუვიდათ, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნისთვის და მისი სუვერენიტეტისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი