ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესებით, არამედ გარე ძალების კარნახით, ევროპის ეკონომიკა, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, შეამცირეს 17.5%-მდე
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესებით, არამედ გარე ძალების კარნახით, ევროპის ეკონომიკა, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, შეამცირეს 17.5%-მდე

მთელი მსოფლიო არეულია. ამ არეულობაში ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი არის ევროპა, ევროპელი ხალხი, ევროპის მოსახლეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, პირველ რიგში, ეკონომიკური კუთხით ძალიან მძიმედ დაეტყო ეს არეულობა ევროპის კონტინენტს და კონკრეტულად ევროკავშირის სივრცეს.

„ასეთ დროს ევროკავშირის ბიუროკრატია, წესით, უნდა ცდილობდეს ახალი გზების გამონახვას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავებისთვის. ასეთ პირობებში როდესაც, პირიქით, ევროპული ბიუროკრატია ცდილობს კავშირების ჩაჭრას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სტრატეგიული ხაზების ჩაჭრას, ეს მეტყველებს, რომ ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით, რაც აბსოლუტურად ცხადია. ზუსტად ასეთი კარნახით მოახერხეს მათ და ევროპის ეკონომიკა, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, შეამცირეს 17.5%-მდე. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ევროპული სუვერენიტეტი ძალიან დაბალ ნიშნულზეა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.