ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატია მისტირის იმ აგენტურას, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას და რომელიც, სწორედ, სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელყოფით იყო გამორჩეული

16:16, 10.10.2026

ეს ადამიანი დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს უწოდებს იმ უმსგავსობას, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ წლების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე. ეს იყო რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა, რასაც ღიად უჭერდა მხარს, სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც პაველ ჰერჩინსკის განცხადებას შეეხებოდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო განუხრელად იცავს იმ პრინციპებს, რასაც ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და 2012 წლის შემდეგ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა სწორედ ეს არის.

„ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, რა არის ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა და ანალიზი. საქართველო განუხრელად იცავს ამ პრინციპებს, რასაც ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება და ამ ფონზე, სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატია კვლავაც მისტირის იმ აგენტურას, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას და რომელიც, სწორედ, სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელყოფით იყო გამორჩეული. ამ ადამიანებს უნდათ, ხელისუფლებაში დააბრუნონ, სწორედ, ის ძალა, რომლის ხელწერაც იყო და არის ადამიანის უფლებების დარღვევა, დემოკრატიის უგულებელყოფა, სამართლის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. ეს, რა თქმა უნდა, სათანადოდ აისახება ქართული საზოგადოების დამოკიდებულებასა და განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რომ ევროკავშირს არასდროს დაუჭერია მხარი ძალადობისთვის, არც საქართველოში და არც სხვაგან.

„ევროკავშირი არ უჭერს მხარს ძალადობას. ის არ უჭერს მხარს ძალადობას არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან. ჩვენ ვიცავთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობათა უფლებებს და გვსურს, რომ ეს ძირითადი თავისუფლებები — რასაც ჩვენ ფუნდამენტურ პრინციპებს ვუწოდებთ — ყველგან იყოს დაცული“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი