ირაკლი კობახიძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გავაცანით საქართველოში არსებული მდგომარეობა, ჩვენი ხედვები, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მთლიანად რეგიონში
ირაკლი კობახიძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გავაცანით საქართველოში არსებული მდგომარეობა, ჩვენი ხედვები, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მთლიანად რეგიონში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გავაცანით საქართველოში არსებული მდგომარეობა, ჩვენი ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მთლიანად რეგიონში, ამ თემებთან დაკავშირებით შედგა ძალიან საინტერესო საუბარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ტინი კოქსთან ღია საუბარი გაიმართა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

„ზოგადად, ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, რა მდგომარეობაა პოლიტიკურ სისტემაში, როგორია დღეს სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის პოზიციონირება, როგორია მათი პოლიტიკური მდგომარეობა და ა.შ. ყველა თემაზე ჩვენი ინფორმაცია მივაწოდეთ ასამბლეის პრეზიდენტს. მანაც გამოხატა ინტერესი კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, გაიმართა ამ საკითხებთან დაკავშირებით გახსნილი დისკუსია“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო აქტიურად იქნება ჩართული რეიკიავიკის სამიტის მუშაობაში.

„უმაღლეს დონეზე იქნება ჩვენი წარმომადგენლობა უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, სამიტზე ყველა აქტუალური საკითხი იქნება განხილული, რაც უკავშირდება, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე პროცესებს. საქართველო დააფიქსირებს თავის მკაფიო პოლიტიკურ პოზიციას ყველა თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი.