ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტარებთან დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ რეზოლუციას, დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პოლარიზაციის გაღრმავებისთვის იყენებს
ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტარებთან დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ რეზოლუციას, დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პოლარიზაციის გაღრმავებისთვის იყენებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე დააფიქსირეს პოზიცია ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, ასევე ევროკომისიის ჩანაწერებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის გამოიყენება.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტართა მხრიდან გაცემული პასუხების თაობაზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებს.

„პირველ რიგში, ჩვენ განვმარტეთ ჩვენი პოზიცია დელეგაციის წინაშე რეზოლუციასთან დაკავშირებით, კონკრეტულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მათ შორის დეოლიგარქიზაციის ჩანაწერთან დაკავშირებით და აღვნიშნეთ, რომ ეს ჩანაწერები და დოკუმენტი, ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ეს იყო ჩვენი პოზიცია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საუბრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ, მათი პასუხის გარეთ გამოტანა არ არის ჩვენი პრეროგატივა. მე შემიძლია, გითხრათ, რა საკითხები დაისვა ჩვენი მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პოზიციები იქნება მხედველობაში მიღებული სამომავლოდ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი. თქვენც იცით, რომ როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის ჩანაწერი აქტიურად გამოიყენება პოლარიზაციის გაღვივებისთვის. თუ არის ამის საპირისპირო მიზანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ამ რეზოლუციის და ჩანაწერის განეიტრალება უშუალოდ ევროკავშირის მხრიდან, ამაზე დაისვა ჩვენი მხრიდან კითხვები და წამოიჭრა ეს საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა.