ირაკლი კობახიძე - ევროკომისიის პირობებში პირველი რეკომენდაცია უკავშირდება პოლარიზაციის შემცირებას, რაზეც პასუხისმგებელია ყველა, ამის წინააღმდეგ დღესვე დაიწყო გამოსვლა ოპოზიციამ
ირაკლი კობახიძე - ევროკომისიის პირობებში პირველი რეკომენდაცია უკავშირდება პოლარიზაციის შემცირებას, რაზეც პასუხისმგებელია ყველა, ამის წინააღმდეგ დღესვე დაიწყო გამოსვლა ოპოზიციამ

ასოცირების შეთანხმება, თავისიფალო ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიღწევები და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებაც სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ევროკავშირისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

„პირველ რიგში, რაც შეეხება პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოს ჰქონდა ყველა ხელშესახები წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში. შეგახსენებთ, ასოცირების შეთანხმება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიღწევები და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებაც სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ხელშემშლელი ფაქტორი იყო, ჩვენ მოვახერხეთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირისკენ. დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორედ მკაფიო მხარდაჭერა, რომელიც გამოხატა ევროკავშირმა ჩვენი ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკომისიის საბჭოს მიერ დოკუმენტში ასახულ პირობებს რაც შეეხება, როგორც კობახიძე ამბობს, პირობები, რაც წაყენებულია კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ზუსტად ემთხვევა ასოცირების დღის წესრიგს.

მისივე თქმით, ისედაც ჰქონდათ ვალდებულება აღებული და შესაბამისი რეფორმები განხორციელდება.

„რაც შეეხება სტრუქტურულ რეფორმებს, უკვე დამტკიცებულ დოკუმენტში ჩამოთვლილია, რაც უნდა გადაიდგას სხვადასხვა მიმართულებით. პირობები, რაც წაყენებულია კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ზუსტად ემთხვევა ასოცირების დღის წესრიგს. ანუ აქ ახალი არაფერი წერია. ზუსტად იგივე პუნქტებზეა საუბარი, რაც იყო ასოცირებაში და რაც შეთანხმებულია ჩვენ მიერ ევროკავშირთან. შესაბამისად, ჩვენ ისედაც გვქონდა ეს ვალდებულება აღებული და რა თქმა უნდა, თითოეული ამ პუნქტის მიხედვით განხორციელდება შესაბამისი რეფორმები“, – აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება პოლარიზაციას, რაც დოკუმენტშია ნახსენები, კობახიძის განცხადებით, ამაზე პასუხისმგებელია ყველა, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი თუ არა პოლიტიკური სუბიექტი.

„წარმოიდგინეთ, პირველი რეკომენდაცია პირობებში უკავშირდება სწორედ პოლარიზაციის შემცირებას. პოლარიზაციის შემცირებაზე შეგახსენებთ, რომ პასუხისმგებელია აბსოლუტურად ყველა, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი თუ არა პოლიტიკური სუბიექტი. თქვენ წარმოიდგინეთ, პირველი რეკომემდაცია რაც არის, იმის წინააღმდეგ დღესვე დაიწყო გამოსვლა ოპოზიციამ. ისინი აანონსებენ პოლარიზაციას, 20 ივნისს მაპოლარიზებელ აქციას. „ნაცმოძრაობას“ აქვს დაანონსებული ეს აქცია და პირდაპირ საუბრობენ ხელისუფლების გადატრიალების სურვილზე. ანუ პირველივე პუნქტს არღვევენ პირველივე წუთებში, მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები გაიცა ევროკავშირის მიერ. შესაბამისად, ვინ მიდის პოლარიზაციისკენ და ვის სურს პოლარიზაცია, ეს დღესავით ნათელია. ასეთ დროს არათუ პოლარიზაციის წინააღმდეგ არ დგამენ ნაბიჯებს, პირიქით, აანონსებენ პოლარიზაციას და 20 ივნისი უნდა იყოს რეპეტიცია ამ პოლარიზაციისთვის.

19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით არც მაშინ მოქმედებდა ოპოზიცია, ამიტომ არ მოაწერა 100 დღე ხელი და არ მოქმედებს არც დღეს.  ყოველთვის ვაგრძელებდით მოქმედებას 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით, ანუ ვდგამდით ნაბიჯებს პოლარიზაციის წინააღმდეგ და ახლაც იმავეს ვაკეთებთ. რაც წერია ამ დოკუმენტში, პირველ პუნქტში, ამას ვაკეთებდით ყოველთვის და ვაკეთებთ ახლაც. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ყოველთვის ისინი მოქმედებდნენ ამ სულისკვეთების წინააღმდეგ, ამიტომ არ მოაწერეს ხელი 100 დღის განმავლობაში და იგივე სულისკვეთებით მოქმედებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე: „ხომ არ არის მიზანშეწოლინი, მიშელის შეთანხმება დადოთ მაგიდაზე, დაუძახოთ ოპოზიციას და დაიწყოთ მუშაობა“, კობახიძემ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია.

„19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული, ერთადერთი დოკუმენტი, რაც მოქმედებს, არის დღევანდელი დოკუმენტი. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტის გარშემო მზად ვართ, დავსხდეთ ნებისმიერთან და ნებისმიერი რეფორმა განვიხილოთ, ოღონდ ამის წინაპირობა პირველ რიგში, არის პირველი პუნქტის შესრულება – ეს არის პოლარიზაციის შემცირება. ამ დროს თქვენ ხედავთ, რომ დღესვე, ამ წუთებშივე ოპოზიცია საუბრობს რაღაცა პრორუსულ, კრიმინალურ რეჟიმზე, ოლიგარქებზე და ასე შემდეგ. ვერ მოიშალეს პოლარიზაციისკენ მიმართული საუბარი. ჩვენ ვართ მზად, აქეთკენ გადავდგათ ნაბიჯები, დავსხდეთ ამ დოკუმენტის გარშემო, თუმცა ხედავთ, რომ ამას ოპოზიცია არ აკეთებსს. პირიქით, ბაკურიანის შეკრების მონაწილეები გვიანონსებენ 20 ივნისისთვის აქციას, რაც წარუმატებლობისთვის არის განწირული. საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას ისინი ვერ დააზიანებენ. ერთადერთი რასაც დააზიანებენ, არის ქვეყანა, რასაც მერწმუნეთ, არ დავაზიანებინებთ ქვეყანას“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა.

„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.