ირაკლი კობახიძე - ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილში ევროპარლამენტის რეზოლუცია არ გაიზიარეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
ირაკლი კობახიძე - ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილში ევროპარლამენტის რეზოლუცია არ გაიზიარეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. პოლიტიკურად მიკერძოებულია და კონკრეტული ინტერესი აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძემ უპასუხა კითხვას: „ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა შეწყდეს, მათ შორის მედიამენეჯერების წინააღმდეგ. რა პასუხი გექნებათ ამაზე“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილში ევროპარლამენტის რეზოლუცია არ გაიზიარეს.

„ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. არის პოლიტიკურად მიკერძოებული და კონკრეტული ინტერესი აქვს, რაც ამ რეზოლუციის ინიცირების უკან იდგა. აქედან გამომდინარე, რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი და მის თითოეულ ჩანაწერს ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ რეზოლუცია ამ ნაწილში არ გაიზიარეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია 9 ივნისს მიიღო, სადაც მათ შორის  ნიკა გვარამიას შესახებაც არის საუბარი. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტის წევრები გმობენ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს.