ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის ოფისის წინ შეკრებილი ახალგაზრდების აღშფოთება გამოიწვია მელიას პროვოკაციამ, მათ ჩვენი მოწოდება გაითვალისწინეს და დაიშალნენ
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის ოფისის წინ შეკრებილი ახალგაზრდების აღშფოთება გამოიწვია მელიას პროვოკაციამ, მათ ჩვენი მოწოდება გაითვალისწინეს და დაიშალნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განაცხადებით, ევროკავშირის ოფისთან მელიასთან მომხდარი დაპირისპირება ჩაწერილი, გადაღებულია და ყველაფერი ნათელია. როგორც კობახიძე ამბობს, ჟურნალისტებთან საუბრისას მელია კობახიძეს პირდაპირ ეთერში მიეჭრა.

„როგორც ახლა ვდგავარ, გუშინ ასე ვაძლევდი კომენტარს მედიას, ის შემოიჭრა პირდაპირ ეთერში და რა სიტყვებსაც ის იყენებდა, ნახა სრულიად საზოგადოებამ. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია, ყველაფერი არის ჩაწერილი და გადაღებული. აქედან გამომდინარე, აქ ინტერპრეტაციის საშუალებაც კი არ არის, ის შემოიჭრა პირდაპირ ეთერში, მათ შორის პირდაპირი ეთერითაც გადაიცემოდა და შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდა. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ასეთ დროს გარკვეულო პასუხი არის საჭირო, მაგრამ ეს პასუხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ძალისმიერი. ამას ვეუბნებით ჩვენ ჩვენს აქტვისტებსაც, რომ როგორიც არ უნდა იყოს შეურაცხყოფა, მათ შორის ისეთი, როგორიც იყო გუშინ მელიას შესრულებით, არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა დავუშვათ რაიმე ტიპის ძალადობა და ასეთი ტიპის რეაქცია“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო ოფისში, ტერიტორიაზე გამოჩნდნენ, როგორც თავად ამბობენ, ვაკელი ახალგაზრდები და იცდიდნენ, ვიდრე მელია გამოვიდოდა. კამერამ დააფიქსირა ჩატი, ეს ადამიანები კონტაქტობდნენ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია „გლდანის ვოლკები“, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ამ ადამიანების შესახებ, კობახიძემ განაცხადა, რომ მსგავსი სახელწოდების ჯგუფის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„არავითარი ჯგუფი „ვოლკები“ არ ვიცი, მე ვიცი ჩვენი კოლეგა არის ვოლსკი და ვოლკები არ ვიცი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ევროკავშირის ოფისის წინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მისვლასთან დაკავშირებით კობახიძემ აღნიშნა, რომ ისინი მელიას პროვოკაციის გამო აღშფოთდნენ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდა, მათ ტერიტორია დატოვეს.

„რაც შეეხება ზოგადად ახალგაზრდების იქ მისვლას, მათი აღშფოთება იყო აბსულუტურად ბუნებრივი, თუმცა თქვენ იცით, რომ როგორც კი გავრცელდა პირადად ჩემი მხრიდან მოწოდება, რომ სიმშვიდე უნდა შეგვენარჩუნებინა, მაშინვე მათ მიიღეს შესაბამისი ზომები და დატოვეს ტერიტორია. ამის მიუხედავად, თქვენ იცით, რომ ერთსაათიანი შეხვედრა ჰქონდა ნიკანორ მელიას ევროკავშირის ოფისში. ეს ერთი შეხვედრა მას გაუგრძელდა სამი საათი, რადგან პლუს ორი საათი იმალებოდა ის ევროკავშირის ოფისში და იქიდან ერთი საათი დამატებით იმალებოდა ევროკავშირის ოფისში, როცა ახალგაზრდებმა დატოვეს ტერიტორია. ვერ ბედავდა იქიდან გამოსვლას. ეს არის მისი სახე, ის აწყობს ხოლმე პროვოკაციებს და შემდეგ იმალება.

იქ იყვნენ ჩვენი პარტიის მხარდამჭერები, წევრები, აქტივისტები. რა თქმა უნდა, მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, მთელ პარტიულ ორგანიზაციასთან მაქვს კავშირი. რა თქმა უნდა, ეს აქციაც და მათი აღშფოთებაც არის აბსოლუტურად გასაგები. ისინი რომ მივიდნენ ევროკავშირის ოფისთან და მათი აღშფოთება გამოიწვია მელიას პროვოკაციამ, არის აბსოლუტირად ბუნებრივი, თუმცა როგორც კი ჩვენი მხრიდან გავრცელდა შესაბამისი მოწოდება, მათ მაშინვე დატოვეს ტერიტორია. ჩვენ ყოველდღიურად ვაფრთხილებთ ჩვენს აქტივს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ძალადობა და ეს იცის აბსოლუტურად ყველა აქტივისტმა, იციან იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც იყვნენ იქ მისული. რაც შეეხება პროტესტის გამოხატვას, ამის უფლება აქვს ყველას, თუმცა იმისათვის, რომ პროვოკაციის საშუალება არ მიგვეცა ცნობილი პროვოკატორისთვის, ნიკანორ მელიასთვის, ამის გამო მყისიერად გაჟღერდა ჩვენი მხრიდან მოწოდება და ახალგაზრდებმა მაშინვე გაითვალისწინეს.

იქ იყვნენ ჩვენი პარტიის წევრები, მხარდამჭერები, რა შუაშია საჯარო მოხელეები. ნებისმიერი საჯარო მოსამსახურე თუ ის სამსახურებრივ საათებს არ აცდენს და ამავდროულად თუ ის არის კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი ან წევრი, მას აქვს ყველანაირ პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის უფლება, ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება. მით უმეტეს საკრებულოს წევრი თუ მონაწილეობდა ასეთ აქციაში, კანონის მიხედვით, საკრებულოს წევრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი“, – განაცხადა კობახიძემ.